Home » ბიზნესი » კონსულტანტების მონური შრომის ხარჯზე გამდიდრებული სუპერმარკეტები

კონსულტანტების მონური შრომის ხარჯზე გამდიდრებული სუპერმარკეტები

საქართველოში დამსაქმებელი რომ უპირატეს მდგომარეობაშია, ვიდრე დასაქმებული ეს ახალი არ არის და ამას აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სხვა ტიპის სუბიექტური დასაბუთება. თუმცა, არის სექტორები, სადაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევას ქრონიკული სახე აქვს და დასაქმებულებს მონურ პირობებში უწევთ მუშაობა. სწორედ ასეთია ქართული რითილ ბაზარი, სადაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევას მრავალწლიანი ისტორია აქვს და დღესაც გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ამ ფაქტების ამსახველი არაერთი ფაქტი არსებობს სახელმწიფო პრაქტიკულად ვერ რეაგირებს ამ დარღვევებზე. თუმცა, ამას გარდა არსებობს საკმაოდ კვალიფიციური კვლევები, რომლითაც ასევე მრავალი დარღვევა ფიქსირდება ამ ბაზარზე.

ჯერ კიდევ 2017 წელს პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა, სადაც ქსელურ სუპერმარკეტების დასაქმებულთა უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ძირითადი დარღვევები, რომელიც კვლევამ გამოავლინა ასეთი იყო: აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი სამუშაო, შესვენებების გამოყენების უფლების შეზღუდვა, მონურთან მიახლოებული შრომა და ა. შ.

როგორც ვახსენეთ რითეილ ბაზარზე დასაქმებულთა უფლებების დარღვევას მუდმივი სახე აქვს და დარღვევები გვხვდება, თითქმის ყველა სუპერმარკეტების ქსელში. ერთად გადავავლოთ თვალი თითოეულ კომპანიასა და ქეისს, რომელიც უხეშად არღვევენ საკუთარი დასაქმებულების უფლებებს.

“ფრესკო”

დამრღვევი სუპერმარკეტების ჩამოთვლისას საუბარი უნდა დავიწყოთ კომპანია “ფრესკოთი”. რომელიც უთუოდ არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლების მებაირახტრეა. კომპანიის მიმართ თანამშრომლებს სხვადასხვა დროს, არაერთი პრეტენზია ქონდათ. მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო ე.წ. თვალთვალის საქმე. საუბარია კომპანიის მხრიდან გასახდელებში დამონტაჟებულ ფარულ ვიდეოკამერებზე. რომლის, მეშვეობითაც თანამშრომლების ფარულ მიყურადებას ახდენდა კომპანია. ამ დარღვევისთვის კომპანიას ჯარიმის გადახდაც მოუწია. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” 2000 ლარით 2017 წელს დააჯარიმა. ასევე, გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაავალა.

უკანასკნელი დავა, რომელიც ასევე ფრესკოს მარცხით დასრულდა უკავშირდებოდა სუპერმარკეტების ქსელში არსებული მონური პირობების გასაჯაროებას, რომელსაც, კომპანიამ ცილისწამება უწოდა და სასამართლოში იჩივლა.

კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა გიორგი ლაბაძეს “ფეისბუქის” კუთვნილ გვერდზე: “ჟამთასვლა ფოტოსურათებზე”, 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა მოეხდინა. ამასთან, გიორგი ლაბაძეს მოეხდინა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, გადაცემა: “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით” გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობის უარყოფაც. ამასთან, კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გიორგი ლაბაძის მიმართ დაკისრების მოთხოვნა. სასამართლომ “ფრესკოს” მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ლაბაძის ინტერესებს კი ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” იცავდნენ, სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, გასულ თვეს გახდა ცნობილი.

“სპარი”

კიდევ ერთი სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც ასევე მრავალი გახმაურებული საქმე უკავშირდება არის სუპერმარკეტების ქსელი “სპარი”. ამ უკანასკნელში იმდენად დაბალ დონეზეა დასაქმებულთა უფლებები, რომ ეს მაღაზიაში შესული კლიენტებისთვისაც კი თვალსაჩინოა და ხშირად მომხმარებელი თავადაა შემსწრე, თუ როგორ გარბის რომელიმე სექციაში მომუშავე კონსულტანტი სალაროსთან, რათა კომპანიას მოლარეზე დამატებითი რესურსის გამოყოფა არ სურს.

თუმცა, გაცილებით მძიმეა იმ ადამიანების მონათხრობი, ვინც თავად მუშაობდა კომპანია “სპარში”. “სპერის” ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ერთ წელზე მეტია დატოვა “სპარი” დეტალურად იხსენებს იმ არაადამიანურ პირობებს, რომელშიც უწევდა მუშაობა და რომელსაც კომპანია “სპარი” უქმნის დასაქმებულებს.

“თავიდან მითხრეს, რომ მხოლოდ ჩემი ადგილის მოსუფავება მევალებოდა. შემდეგ ჩემი მოვალეობები გაიბერა. ჯერ მითხრეს, რომ მზა პროდუქტებიც მე მეკუთვნოდა. ნუ, კარგი, ეს მივიღე ჩვეულებრივად. მერე დაიწყეს, რომ იატაკიც უნდა მომეწმინდა. ვასრულებდი, რატომღაც მეგონა, რომ მართლა შედიოდა ეს ჩემს მოვალეობაში. მაგრამ, როგორც ჩანს, როცა ყველაფერს ასრულებ, მერე უფრო მეტს გთხოვენ – ბოლოს უკვე ფანჯრების დაწმენდაც მე მევალებოდა. დამლაგებელი დიდხანს არ გვყავდა, დაბალი ხელფასი იყო და არავინ მოდიოდა”-იხსენებს “სპარის” – ყოფილი თანამშრომელი.

“ნიკორა”

მაღაზიების ქსელი “ნიკორა” კი ზემოთ ხსენებულ დარღვევებს არ დასჯერდა და საკითხს უფრო “შემოქმედებითად” მიუდგა. კერძოდ, თანამშრომლებისთვის დამატებითი და არასავალდებულო საქმიანობის დაკისრების გარდა, კომპანიამ გადაწყვიტა, კომპანიის ზარალის მინიმიზირების მიზნით, ვადაგასული პროდუქტი, რომელსაც მიმწოდებელი აღარ იბრუნებდა, თანაშრომლებისათვის მიეყიდა.

ფაქტი 2018 წელს ეხება და მაშინ საჯაროდ ისაუბრეს თანამშრომლებმა ამ დარღვევის შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, თავად სუპერმარკეტების ქსელმა ცხადია უარყო, აღნიშნული ინფორმაცია და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ თაროზე დარჩენილი ვადაგასული პროდუქტის ღირებულებას იხდიდა კონსულტანტი. თუმცა თანამშრომლების ვერსია, არსებითად განსხვავდებოდა კომპანიის ოფიციალური ვერსიისგან. სხვათა შორის აღნიშნული ვიდეომასალები დღესაც ხელმისაწვდომია. სადაც კომპანიის თანამშრომლები დეტალურად საუბრობენ იმ დარღვევებზე, რომლებიც ფქსირდებოდა ზემოთ ხსენებულ სუპერმარკეტების ქსელებში.

პეტრე ლეკიშვილი 

Share