Home » ფინანსები » კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის ფასების შესაძლო შემცირებაზე მუშაობს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის ფასების შესაძლო შემცირებაზე მუშაობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის ფასების შესაძლო შემცირებაზე მუშაობს

დუოპოლისტურ ინტერნეტ ბაზარზე შესაძლოა ინტერნეტის ტარიფი შემცირდეს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია კვლევას იწყებს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად თანხვედრაშია საქართველოს ინტერნეტბაზარზე არსებული ფასები და ხარისხი ერთმანეთთან. საუბარია საბითუმო ინტერნეტის ტარიფებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე გახდა ცნობილი.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაანონსა ინტერნეტ ბაზარზე მოსალოდნელი შესაძლო ცვლიბები. მისი თქმით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მდგომარება სწრაფად და ეფექტურად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ამ ბაზარზე ფასები მაღალია, ხარისხი კი დაბალი. ამის გამოსასწორებლად ბექაურმა კომისიის მხირდან ფუნდამენტური ცვლილებების გატარებაც დაანონსა.

„არაერთხელ მითქვამს მედიასთან, რომ მთავარი პრიორიტეტი იქნება ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე სიტუაციის გაჯანსაღება. დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ვიანიდან ამ ბაზარზე ფასები მაღალია, ხარისხი კი დაბალი. ეს წლების განმავლობაში დაგროვებული მიზეზებითაა გამოწვეული, რომელსაც ერთ თვეში ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ძალიან სწრაფად კომისია აქტიურ და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებს როგორც საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით, ასევე ნორმატიული აქტების მოწესრიგებისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად შეცვლის სურათს და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აცხადებს კახა ბექაური.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული შედეგის მისაღწევად რამდენიმე ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, რომელზეც კომისია უკვე მუშაობს უცხოელ ექსპერტებთან ერთად.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ინტერნეტ ბაზარზე ოპერირებენ, დიდი ხანია აცხადებენ რომ მსხვილი ოპერატორები ბაზარზე დემპინგური ფასებით არიან წარმოდგენილი, რაც მათ არაკონკურენტულ გარემოს უქმნის.

ფასების შემცირებას არ გამორიცხავს არ ვახტანგ აბაშიძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი.

„საბითუმო ინტერნეტის ფასი 2 წლის წინ საგრძნობლად შემცირდა კომისისს მიერ. დაწყებულია კვლევა. კომისია იკვლევს ფასებს, მის რელევანტურობას და არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში დადგინდეს ახალი ტარიფები და ვალდებულება გაუჩნდებათ კომპანიებს სწორედ ამ ტარიფებით იხელმძღვანელონ“,  – აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის დირექტორის, უჩა სეთურის თქმით, ინტერნეტ ბაზარზე დემპინგური ფასების საკითხის დარეგულირება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია დემპინგური ფასები. ჩენ გვაქვს ბაზარზე ორი კომპანიის შემოთავაზება, ოთხმაგი შემოთავაზება 20 და 23 ლარად. გლობალური ტრენდის ფასის მიხედვით კი 1 მეგაბიტი ღირს 42 ლარი. ალბათ ხვდებით რამხელა სხვაობაა, რომ ოთხი შეთავაზება ღირს 23 ლარი, ხოლო 1 მეგაბიტი ინტერნეტი ღირს 42 ლარი. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დემპინგური ფასის პრობლემა მოგვარდეს. ამიტომ ველოდებით სექტემბრის ბოლოს. კომისისამ, როგორც გვაცნობა, დაიწყებს ჩვენი განცხადებების განხილვას და იმედი გვაქვს, რომ ბაზრის დისპროროცია მოგვარდება და მონოლოპოლისტების ეს მოქმედებები ანულირებული იქნება“, – განაცხადა სეთურმა „საქმის კურსთან“.

„ბანკები და ფინანსები“ ხშირად წერს ინტერნეტბაზარზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და ბაზარზე „სილქნეტისა“ და „კავკასუსის“ დუოპილიური მდგომარების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტარიფები 3 წელზე მეტია რაც არ შემცირებულა , ხოლო 2015 წელს კი საერთოდაც ტარიფმა მოიმატა, რაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებით აიხსნა ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან.

საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე ფასების რომ ხელოვნურადაა გაბერილი, საამისო ეჭვს კიდევ ერთი გარემობა ბადებს. კერძოდ, სომხეთი ინტერნეტს საქართველოსგან ყიდულობს, თუმცა ორივე ქვეყანაში ტარიფები თანაბარია. კონკრეტულად რა ფასად ყიდიან ქართული ინტერნეტპროვაიდერები საბითუმო ინტერნეტს სომხეთსა და აზერბაიჯანში, ეს ინფორმაცია არ არის გასაჯაროებული. თუკი ვნახავთ სომხეთში საცალო ქსელში გასაყიდ ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფებს, დავინახავთ, რომ იგი, დაახლოებით, საქართველოში არსებული ტარიფების მსგავსია.

გაუგებარია, როგორ შეიძლება საცალო ქსელში გაყიდული ინტერნეტის ფასი თანაბარი იყოს საქართველოსა და სომხეთში, როცა სომხეთი ინტერნეტს საქართველოსგან ყიდულობს. როგორც ჩანს, ქართველი ინტერნეტპროვაიდერები, “სილქნეტი” და “კავკასუს ონლაინი” საცალო ქსელში იმდენად გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რომ მათ მიერ დაწესებული ტარიფი სომხური ინტერნეტპროვაიდერების ტარიფების ტოლია. იმ სომხური პროვაიდერების, რომლებსაც საბითუმო ინტერნეტი სწორედ ქართული კომპანიებისგან აქვთ ნაყიდი.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი შეუმცირდებათ თუ არა ინტერნეტის საფასური მომხმარებლებს.

საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2017 წლის 11-12 სექტემბერს გაიმართა.

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share