Home » ახალი ამბები » კობა გვენეტაძემ Euromoney – ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ Euromoney – ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

14 – 15 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვენაში გამართულ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე ყოველწლიურად იკრიბებიან ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და რეგულატორები მთელი მსოფლიოდან. წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური ფორუმის 25 წლის იუბილეა და მისი ერთ – ერთი მთავარი თემა მონეტარული პოლიტიკა იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარა. ასევე მიმოიხილა მონეტარული პოლიტიკა, არსებული გამოწვევები და ცენტრალური ბანკის ნაბიჯები. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გასული წლის ბოლოს კიდევ ერთი წლით, 2021 წლის აპრილამდე, გახანგრძლივდა. კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა საბანკო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორიცაა – ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ახალი კანონი, კაპიტალის სისტემური ბუფერების ამოქმედება, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განხორციელებაზე მუშაობა და სხვა.

ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე, შეხვდა პოტენციურ ინვესტორებს და მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

Share