Home » საზოგადოება » „კლინიკაში უთხრეს მომსახურების ფასის გარდა დამატებით 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა უნდა გადაიხადოო“

„კლინიკაში უთხრეს მომსახურების ფასის გარდა დამატებით 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა უნდა გადაიხადოო“

„კლინიკაში უთხრეს – მომსახურების ფასის გარდა დამატებით 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა უნდა გადაიხადოო,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მოქალაქის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„დღეს დილით მოქალაქემ დარეკა მისი სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში. მიღებაზე ჩაწერისას იგი გააფრთხილეს, რომ მომსახურების ფასის გარდა დამატებით უნდა გადაიხადოს 20 ლარი – ექიმის ეკიპირების თანხა. დარეკა მეორე კლინიკაში – იგივე. სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ამ 20 ლარს.

ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარეობს რამდენიმე პრინციპული კითხვა:

1. მედპერსონალის ეკიპირება სახელმწიფოს საზრუნავია მხოლოდ COVID-19-ის კლინიკებში, ხოლო ყველა დანარჩენ ასეულობით სამედიცინო დაწესებულებაში ეს თავად ამ დაწესებულების საზრუნავია?

2. თუ პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ამბულატორიამ თუ საავადმყოფომ უნდა გააძვიროს მომსახურება და გაძვირებული თანხა პაციენტმა უნდა დაფაროს?

3. თუ მეორე კითხვაზეც პასუხი დადებითია, მაშინ ასეთი კითხვა ჩნდება: თუ ჯანდაცვის სამინისტროს 350 მლნ ლარი ემატება, ნუთუ იგი არ უნდა აფინანსებდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის ეკიპირებისა და დაცვის ღონისძიებებს?

ამ მდგომარეობიდან, გარდა ფინანსური შედეგებისა, კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ჯანდაცვის სამინისტრო არც კი გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, როგორი იქნება ინფექციის კონტროლის შიდაჰოსპიტალური მექანიზმები COVID-19-ის კლინიკებს მიღმა,“ – წერს ჭიაბერაშვილი.

Share