Home » საზოგადოება » კახა ოქრიაშვილი: ეროვნული ბანკი თავისივე ადრინდელი განცხადებების ტყვე აღმოჩნდა

კახა ოქრიაშვილი: ეროვნული ბანკი თავისივე ადრინდელი განცხადებების ტყვე აღმოჩნდა

„პრობლემა ისაა, რომ რეალურად არ გატარდა ეროვნული ბანკის რეგულაციები  და ეს პრაქტიკულად, მარეგულირებელმაც აღიარა. ჩანაწერები კანონში უნდა გამკაცრდეს. მე ვთვლი რომ დღეს  „საქართველოს კაპიტალი“, მასთან დაკავშირებული კომპანიები და ზოგადად, ეს ჰოლდინგი  კანონს არღვევს.“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“  ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი ეროვნული ბანკის გუშინდელი  განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს.

როგორც ცნობილია, მარეგულირებელმა საქართველოს კაპიტალის ჯგუფი საბანკო სისტემიდან დასაშვებზე მეტი დაფინანსების მიღების მცდელობაში დაადანაშაულა.

კახა ოქრიაშვილი განმარტავს, რომ ჰოლდინგის ქმედებები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლის შეფერხების, ამ პროცესებში კი ეროვნული ბანკი თავდაცვის რეჟიმში გადავიდა, რაც სწორედ მსგავსი განცხადებების საფუძველი გახდა.

„ვინც ეკონომიკის სექტორში ვმუშაობთ ყველა ვთანხმდებით, რომ ჰოლდინგში არაპროფილური აქტივები გამიჯნულები არ არიან და ეს ერთი დიდი კორპორაციაა. ისინი ზღუდავენ კონკურენტულ გარემოს საქართველოში და ამ შეზღუდვის შედეგია ის, რომ ბოლო წლებში 4-5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და არა 8-10 პროცენტიანი. ეს კომპანიები აწვებიან ეროვნულ ბანკს და ეს უკანასკნელი თავდაცვის რეჟიმში გადაიყვანეს. ეროვნული ბანკი თავისივე ადრინდელი განცხადებების ტყვე აღმოჩნდა, სადაც აღნიშნა, რომ ეს კომპანები გამიჯნულები არიან. არანაირი გამიჯვნა არ მომხდარა და ეს დანაშაულია“- განმარტავს ოქრიაშვილი.

ბიზნესმენი  ფინანსური და ეკონომიკის რეალური სექტორის გამიჯვნის შესახებ კანონის გამკაცრების მომხრეა და მიიჩნევს, რომ ამით ბევრი კომპანია გადარჩება.

„არ ვიცი ეროვნული ბანკი მსგავსი განცხადებების გაკეთებას ან შესაბამის ღონისძიებებს თუ მიიღებს, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ გადაიხედოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკის რეალურ სექტორს შორის გამიჯვნას ეხება. ხაზგასმით უნდა განისაზღვროს  ეს მომენტი.“- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას უპასუხა. GHG აღნიშნავს, რომ სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ცდილობს, რომ კრიზისული ვითარებით ისარგებლოს და რეგულაციების მოთხოვნების დარღვევით მიიღოს დაფინანსება საქართველოს ბანკისგან ცალსახად არ შეესაბამება სინამდვილეს.

GHG აცხადებს, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული ამგვარი ინტერპრეტაცია ყოვლად მიუღებელია.

commersant.ge

Share