Home » საზოგადოება » კახა კალაძე: მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლში მივუტანთ

კახა კალაძე: მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლში მივუტანთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში.

ორშაბათიდან უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და  დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკებისგან.

გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს ყოველდღიურ დეზინფექციას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. სასადილოს მომსახურე პერსონალი სრულად უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით. სასადილოს გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და სასადილო სივრცეში მყოფი ადამიანი ვალდებული იქნება ჩაიტაროს სადეზინფექციო პროცედურა, შესაბამისი წესის დაცვით, რომელსაც უზრუნველყოფს ადგილზე მყოფი სპეციალური ჯგუფი.  საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადებების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი. განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე მარტოხელა მოხუცებისთვის და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. 

ამ კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული სერვისით მომსახურება, რის შემდეგაც დატრენინგებული მერიის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე. ასეთ სიტუაციაში მოქმედი წესების ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით,” – აცხადებს კალაძე

Share