Home » ეკონომიკა » კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

როგორია საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის წყაროების განვითარების პოტენციალი და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობის გააქტიურება – ამ თემებზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე გვესაუბრება.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის რამდენი პროცენტი ეკავა იმპორტს და რომელი ქვეყნებიდან?

 – პირველ კვარტალში იმპორტის წილი 12-15%-მდე იყო. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს.

–  რატომ გაიზარდა იმპორტი, თუ უკვე თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა და მოხმარება მკვეთრად შემცირდა?

 –  მოხმარება მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ძირითადი აქცენტი საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე იყო, ხოლო საწარმოო სიმძლავრეების ხარჯზე მოხმარება რამდენიმე პროცენტით შემცირდა. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველი კვარტალი დეფიციტურია და ის, ძირითადად, იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება. ჰიდრორესურსები ამ პერიოდში შემცირებულია, წყალსაცავების მოცულობა ვეღარ უზრუნველყოფს მარეგულირებელი ჰესების მუშაობას. ასევე გვაქვს გაზის ლიმიტები, აქედან გამომდინარე, პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი აუცილებელია. 2020 წლის პირველ კვარტალში იმპორტის ზრდა, ძირითადად, 2017, 2018 და 2019 წლებში გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა. 2017-2018 წლებში მოხმარება 7-8%-ით გაიზარდა, ასევე ზრდა დაფიქსირდა 2019 წელსაც და 2020 წლის დასაწყისში შეინიშნებოდა კლება, თუმცა არა ისე დრამატული, რასაც სურათი მნიშვნელოვნად შეიძლებოდა შეეცვალა.

–  ელექტროენერგიის რა წყაროები გვაქვს საქართველოში და მთლიან გენერაციაში რამდენი პროცენტი უკავია მარეგულირებელ ჰესებს?

 – საქართველოში ჰიდრორესურსები არის წამყვანი, თუმცა მისი მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. შესაბამისად, ჰიდროგენერაციას აქვს დიდი წილი.

თბოელექტროსადგურებს მთლიან გენერაციაში დაახლოებით 20% უკავია, 80%-მდე არის ჰიდროგენერაცია, ხოლო ქარისა და მზის ენერგიას აქვს გარკვეული პროცენტი. გვაქვს გორში ქარის ელექტროსადგური 20,3 მგვტ სიმძლავრის. მიმდინარე წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბოელექტროსადგური “გარდაბანი 2”, რომელსაც აქვს მაღალი მარგი ქმედების კოეფიციანტი, თუმცა ჩვენი გენერაციის უმნიშვნელოვანეს წყაროდ ჰიდროელექტროსადგურები რჩება.

  –  საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გადაწყვეტილებით, მაისიდან ივლისის ჩათვლით, გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებენ, ვინაიდან კოვიდპანდემიის პირობებში მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული. იგივე ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც და ექსპორტი ვერ განხორციელდება. ასეთ პირობებში პრივილეგირებულ მდგომარეობაში რჩებიან კაშხლოვანი ჰესები, ჰიდრორესურსის დაგროვების შესაძლებლობით. რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კაშხლოვანი ჰესების მშენებლობა?

  –  კაშხლოვანი, ანუ მარეგულირებელი ჰესები ბევრად მოქნილები არიან თავის საქმიანობაში, რადგან ჰიდრორესურსი არის განახლებადი, რომლის დაგროვება მნიშვნელოვანია, რადგან მისი წყალუხვობის პერიოდი მოკლეა და რესურსის  ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მარეგულირებელი ჰესების მეშვეობით. რაც შეეხება სეზონურ ელექტროსადგურებს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ დიდი რაოდენობით გვაქვს ჰიდრორესურსები, მათი გამოყენება რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია კაშხლოვანი ელექტროსადგურები, რათა მოხდეს წყლის შენახვა და იმ დროს გამოყენება, როცა რესურსები მცირეა.

 –   მცირე და სეზონური ჰესები ვერ შეცვლის მარეგულირებელ ჰესებს – უნდა გადამისამართდეს თუ არა პრიორიტეტი სწორედ კაშხლოვანი ჰესების მშენებლობაზე?

  –  რა თქმა უნდა არა, რადგან კაშხლოვან ჰესებს გაცილებით მეტი ზემოქმედება აქვს ბუნებაზე, ვიდრე კალაპოტიან ჰესებს. ამ დროს საჭიროა მეტი ფართობის დაკავება წყალსაცავებით, რის შედეგადაც იტბორება სავარგულები, ტყეები და ხანდახან სოფლებიც. რაც შეეხება კალაპოტურ ჰესებს, ისინი ნაკლებ ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი კომპლექსურია და რაიმე ერთზე პრიორიტეტის გადატანა და აქცენტის გაკეთება არასწორია, თუმცა კაშხლოვანი ჰესების გარეშე ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემას ვერ გადავჭრით. ასევე მნიშვნელოვანია განვითარდეს ქარისა და მზის სადგურებიც.

ბევრი ეკოლოგი აკრიტიკებს ჰესებს. თქვენ რამდენად ეკოლოგიურად სუფთად მიგაჩნიათ ჰესებზე გამომუშავებული ენერგია?

 – ჰესები, საერთოდ, განახლებადი ენერგიის წყაროებად ითვლება და მათი მშენებლობა წახალისებულია, თუმცა გარემოს, რა თქმა უნდა, ადგება ზიანი. ტენდენცია არის ის, რომ ჰიდრორესურსი არის სუფთა რესურსი, თავისუფალია გაზების გამონაბოლქვისგან და ეკოლოგიურად სუფთაა. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გამოყენებით უნდა გაკეთდეს. გარემოზე ზემოქმედება აქვს ყველაფერს, მათ შორის ქარისა და მზის ელექტროსადგურებსაც, მთავარია ეს ზემოქმედება სწორად იყოს შეფასებული და ადეკვატური ღონისძიებები გატარდეს.

–  შუახევჰესი ექსპლუატაციაში გაეშვა. რამდენად მნივშნელოვანია ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმპორტჩანაცვლების კუთხით? – პანდემია დასრულდება და მოხმარება ისევ გაიზრდება.

–  პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ენერგიის გამოყენების გარეშე, საწარმოებსა და ეკონომიკას ვერ განვავითარებთ. გვჭირდება გენერაციის წყაროების განვითარება, რადგან მოხმარება იზრდება და მას ადგილობრივი წყაროები ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ გვჭირდება ხოლმე ელექტროენერგიის იმპორტი. მოგეხსენებათ, მძლავრი და წყალსაცავიანი ჰესები და თუ განვითარდება ასევე  ჰიდრომააკუმულირებელი  სადგურები, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ცვლადი გენერაციის წყაროების უფრო ეფექტურად დანერგვისთვის. თავისთავად, იმპორტი ძალიან დიდი ნახტომებით იმიტომ გაიზარდა, რომ ჩვენი სიმძლავრეები უკვე ვეღარ ფარავდა მოხმარებას. შესაბამისად, მრეწველობისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ მძლავრ ელექტროსადგურებს შეუძლია.

 უცხო ქვეყნების გამოცდილება როგორია ამ მიმართულებით? მაგალითად, როგორც ცნობილია, ნორვეგიაში 1660 ჰესია. აქედან 1000–ზე მეტი კაშხლოვანია. უნდა გაიზიაროს თუ არა საქართველომ ეს გამოცდილება?

ამ კუთხით, ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება. მათ სრულად აქვთ ათვისებული ჰიდრორესურსი, მაშინ, როცა ჩვენ მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. მათ გამოცდილებას მუდმივად ვეცნობით და ისინი, როგორც კონსულტანტები, აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში. შესაბამისად, ნორვეგიის, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ენერგეტიკული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ნამდვილად გამოგვადგება.

Share