Home » ფინანსები » ”კავკასუს ონლაინი” საქართველოს მთავარ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს საიდუმლოდ ყიდის

”კავკასუს ონლაინი” საქართველოს მთავარ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს საიდუმლოდ ყიდის

დარჩება თუ არა ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე


”კავკასუს ონლაინი” საბითუმო ინტერნეტის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი შემომტანია. 2008 წლიდან კომპანია თყცო Electronic-ის მიერ აშენებული, შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული, 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრეა, რომლის საშუალებითაც, ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში, მომხმარებლისთვის ინტერნეტის ტრანზიტი ხორციელდება. აღნიშნული კაბელის მეშვეობით, ”კავკასუს ონლაინი” ინტერნეტით ამარაგებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის უდიდეს ნაწილს. ასევე 2010 წელს ”რკინიგზის ტელეკომის” შეძენამ კომპანიას საშუალება მისცა შესულიყო მთელ სამხრეთ კავკასიაში და იგი ინტერნეტით ამარაგებს ერაყსა და ირანსაც.


მას შემდეგ, რაც ”კავკასუს ონლაინმა” ინტერნეტის საცალო ქსელი ”მაგთიკომს” მიჰყიდა, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული, რეგიონში სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული იყვნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების კომპანიები. საუბარი იყო რუსულ ”ვიმპელკომზე” და აზერბაიჯანის უდიდესი ინტერნეტპროვაიდერ “აზერონლაინზე”. ეს უკანასკნელი ალიევების ოჯახთან დაკავშირებული კომპანიაა, რომელიც ამ თემით ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელები “კავკასუს ონლაინის” მაშინდელ მფლობელ მამია სანადირაძეს კაბელის 50%-ის სანაცვლოდ ძალიან დიდ ფულს სთავაზობდნენ, თუმცა ბიზნესმენს უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა, ამ კაბელით ინტერნეტი არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც მიეწოდებინა. თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” დროს სანადირაძის კომპანია სააკაშვილთან დაახლოებული პირების ხელში აღმოჩნდა.


ამჟამად ”კავკასუს ონლაინს” ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ – Iinternational Online Networks LLC, 1502554 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 63% და ნელგადო ლიმითედი, 1565890 /ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) – 36.2%. რაც შეეხება სამეთვალყურეო საბჭოს, მის შემადგენლობაში არიან ხვიჩა მაქაცარია, დავით ზურაბიშვილი, თემური კობახიძე, თეიმურაზ არონია, კობა ღურწკაია. კომპანიის დირექტორია რევაზ კოპალაძე.


როგორც ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, ”კავკასუს ონლაინის” და ”რკინიგზის ტელეკომის” მფლობელებმა კომპანიების წილი უკვე გაასხვისეს, თუმცა რა პროცენტის გასხვისება მოხდა, რა ფასად, ან ვინ არის კომპანიის ახალი მფლობელი, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ისინი ვალდებულნი არიან 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში ინფორმაცია გაასაჯაროონ, კომპანიების წარმომადგენლები კანონს არ ემორჩილებიან და აღნიშნულ ინფორმაციას მალავენ.


ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება კომპანიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეახსენა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც და კანონის გვერდის ავლის გამო კომპანიები ორჯერ დააჯარიმა. როგორც მარეგულირებელი კომისიის განცხადებაშია ნათქვამი კავკასუს ონლაინი 90 000 ლარით ხოლო შპს”რკინიგზის ტელეკომი” 63 930 ლარით დაჯარიმდნენ.


“კავკასუს ონლაინს” და”რკინიგზის ტელეკომს” კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, შპს “კავკასუს ონლაინი” 90 000 ლარით ხოლო შპს”რკინიგზის ტელეკომი” 63 930 ლარით დაჯარიმდნენ. საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას. კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.


აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, კომისიამ კომპანიები 12 დეკემბერს 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. “კავკასუს ონლაინი” და “რკინიგზის ტელეკომი” ვალდებული იყვნენ 18 იანვრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება უკვე მესამედ არ შესრულდა”, – აღნიშნულია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებაში.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აქვს, ვინაიდან საქმეზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. ბუნებრივია, ”კავკასუს ონლაინის” მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოება უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს – ხომ არ მოხდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კაბელის გასხვისება რომელიმე რუსულ კომპანიაზე, ხომ არ შეიძინა იგი აზერბაიჯანულმა ან სომხურმა მხარემ და მომავალში უკვე მათგან ხომ არ მოგვიწევს ინტერნეტის შეძენა. გაუგებარია, რატომ მალავს კომპანია ახალი მფლობელების შესახებ ინფორმაციას და რეალურად დაკარგა თუ არა საქართველომ რეგიონში უმნიშვნელოვანესი 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი.

გარდა არსებული კითხვებისა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თუკი არ მოხდა ინფორმაციის გასაჯაროება 22 თებერვლამდე და კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა ”კავკასუს ონლაინს” და ”რკინიგზის ტელეკომს” საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ ”კავკასუსი” აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო მეორე საბითუმო პროვაიდერი ”სილქნეტი”, რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მოკლედ, როგორ განვითარდება მოვლენები ამას 22 თებერვლამდე მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, თუმცა ამ მიმართულებით რომ არასახარბიელო ვითარებაში აღმოვჩნდებით, ეს უკვე ცხადია. ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლობა კი იმედია გამოიჩენს გონიერებას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, რეალურად თუ ვისზე გაიყიდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ეს ინფორმაცია სამუდამოდ საიდუმლოდ არ დარჩება.

გიორგი კაპანაძე

Share