Home » ფინანსები » „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 30-30 ათასი ლარით დაჯარიმდა

„კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 30-30 ათასი ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, კომისიამ კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მისცა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. მათვე ინფორმაციით, კომპანიები ვალდებული იყვნენ 3 დეკემბრამდე, წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.

„ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე, კომპანიებს 30-30 ათასიანი ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კვლავ დაავალდებულა და ვადად 17 იანვარი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს,“-აცხადებენ კომისიაში.

Share