Home » მსოფლიო » „ისინი ჩვენ კატასტროფისკენ მიგვაქანებენ“ – რატომ “არ იმჩნევენ” კორონავირუსს შვედეთში

„ისინი ჩვენ კატასტროფისკენ მიგვაქანებენ“ – რატომ “არ იმჩნევენ” კორონავირუსს შვედეთში

პანდემიის გავრცელებამ ევროპის კონტინენტის პარალიზება მოახდინა – შეაჩერა ეკონომიკური პროცესები და მილიონობით ადამიანები სახლებში დასვა. ევროპულმა ქვეყნებმა სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მიმართეს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა, ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, კერძოდ შვედეთი, განსხვავებულად იქცევა.

შვედეთს არ დაუხურავს სკოლები, სპორტული დარბაზები, მაღაზიები დღემდე ღიაა და რაც ნიშანდობლივია, ქვეყანას არ ჩაუკეტავს საზღვრები.

სხვა სკანდინავიური ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ მწირია. ბარები და რესტორნები აგრძელებენ მუშაობას, მატარებლები და ავტობუსები განაგრძობენ მოსახლეობის გადაყვანას ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელია კინოთეატრებშიც სიარული.

პრევენციული ზომები, რომლებსაც შვედები იცავენ, შემდგომია: 50 ადამიანზე მეტის შეკრება არ არის რეკომენდირებული, მაშინ როცა გასულ პარასკევს აღნიშნული რეკომენდაცია 500 ადამიანზე მეტის შეკრებას ეხებოდა, ერიდებიან სოციალურ კონტაქტს 70 წელს გადაცილებულ და დაავადებულ ადამიანებთან, ცდილობენ იმუშაონ სახლიდან, ბარებსა და რესტორნებში მოქმედებს „მაგიდის სერვისი“, რათა ხალხმრავლობა იქნას თავიდან აცილებული.

ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, შტეფან ლოფვანმა შვედებს მოუწოდა, მოიქცნენ “როგორც უფროსები” და არ აყვნენ “პანიკასა და ჭორებს”.

განსხვავებით ხელისუფლებისგან, საფრთხეს გრძნობს ქვეყნის სამეცნიერო და სამედიცინო სექტორი. მათ პეტიცია შეადგინეს, რომელსაც ხელს აწერს 2 000-ზე მეტი ექიმი, მეცნიერი, ნობელის ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლ-ჰენრიკ ჰელდინიც. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას პრევენციის ზომების გამკაცრებისკენ.

”ჩვენ არ ვაწარმოებთ საკმარისად ტესტირებას, არ ვაკვირდებით, საკმარის სოციალურ დისტანციას არ ვიცავთ – ჩვენ ვაძლევთ ვირუსს გავრცელების საშუალებას. ისინი ჩვენ კატასტროფისკენ გვიბიძგებენ“, – აცხადებს პროფესორი სესილია სუდენბერგ-ნაუკლერი, კაროლინსკის ინსტიტუტის იმუნოლოგი.

მისივე თქმით, ხელისუფლება არ უსმენს მეცნიერებს.

”მთავრობა ფიქრობს, რომ ვერ შეაჩერებენ ვირუსის გავრცელებას, ასე რომ, მათ გადაწყვიტეს, რომ ხალხი დაიღუპოს. არ უნდათ მოუსმინონ სამეცნიერო მონაცემებს, რაც მათ წარვუდგინეთ. ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს [Folkhälsomyndigheten] ბრმად ენდობიან, მაგრამ მათი მონაცემები სუსტია – ამაზრზენიც კი“, – აცხადებს სესილია სუდენბერგი.

აღსანიშნავია, რომ სტოიციზმი და სიმშივიდე, შვედების ცხოვრების დამახასიათებელი ატრიბუტია. ეფექტიანმა და გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირების 300  წლიანმა ისტორიამ განაპირობა, ის რომ მმართველი ჩინოვნიკებისადმი ნდობის დონე მაღალია.

”მე მჯერა, რომ ექიმები, რომლებიც მთავრობასთან ერთად მუშაობენ, იციან რასაც აკეთებენ. ვფიქრობ, ჩვენ სათანადოდ ვართ მომზადებულები. ეს ისტერია, რაც მედიაშია, არის ბევრად საშიში, ვიდრე თავად ვირუსი“- ამბობს რობერტ ანდერსონი, 50 წლის, IT მენეჯერი, რომელიც ცხოვრობს სოდერმალმში, სტოკჰოლმში.

30 წლის სიმონ სტროდი, ბიზნეს კონსულტანტი სტოკჰოლმში, აცხადებს, რომ  ”არანაირი საფუძველი არ არის იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს პროცესს“.

ანდერს ტეგელი, შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობის მიერ კრიზისის მოგვარებას, ემხრობა პრევენციის შემსუბუქების სტრატეგიას.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათის მონაცემებით, შვედეთში დაფიქსირდა 3,700 შემთხვევა და 110 ადამიანი დაიღუპა.

სანდრო პირველი

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

Share