Home » ახალი ამბები » ირაკლი შოთაძე: არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება

ირაკლი შოთაძე: არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება

ნარკოდანაშაული არის პრობლემატური საკითხი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ნარკოტრაფიკთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ნარკოდანაშაულს უნდა ძალიან კომპლექსური მიდგომა და აქ მნიშვნელოვანია ტრანსნაციონალურ ტრაფიკზე და ნარკოტიკების გამსაღებლებზე მუშაობა. „დღეს საქართველო არის როგორც ევროპოლის, ისე ევროჯასტის წევრი. ჩვენ სამართალდამცავ უწყებებს აქვთ პირდაპირი შესაძლებლობა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე“, – განაცხადა შოთაძემ.  

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ ბრძოლა.

„პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა იყოს უმკაცრესი. არც ერთ ნარკორეალიზატორს არ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება. არ უნდა მიიღოს სასჯელის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები სასჯელი. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ის, როცა ნარკორეალიზატორი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ამხელს ქსელის სხვა წარმომადგენლებს. ასევე შესაძლებელია ნარკორეალიზატორების მიმართ სანქციების დამძიმება, ვინაიდან ამ შემთხვევაში სანქციის სიმძიმე არის ის პრევენციული მექანიზმი, რაც დამნაშავეებს დააფიქრებთ, რამდენად უღირთ ჩაერთონ ამ უკანონო საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.   

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.

Share