Home » ეკონომიკა » ირაკლი კოვზანაძე წელს ეკონომიკის 4%-ზე მეტ ვარდნას ვარაუდობს

ირაკლი კოვზანაძე წელს ეკონომიკის 4%-ზე მეტ ვარდნას ვარაუდობს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ განახლებული ბიუჯეტი მინუს 4%-იან ეკონომიკურ ვარდნაზე იქნება დაგეგმილი, თუმცა მისი შეფასებით, შესაძლოა, ვარდნა ამაზე მეტიც იყოს. 

ამასთანავე, კოვზანაძე ამბობს, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ახალ ბიუჯეტზე მუშაობა საკმაოდ რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან არსებული ვითარების შესახებ ჯერ ბევრი რამ ცნობილი არაა და ყოველ დღეს ამ მხრივ, კრიზისის მასშტაბების შესახებ მეტი სიცხადე შეაქვს. 

“მაქვს მოლოდინი, რომ ბიუჯეტი ამ თვის ბოლოს შემოვა. პარლამენტი ელოდება ბიუჯეტის ინიცირებას. განსაკუთრებითი კი ოპოზიცია ამას ითხოვს. ყველა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც გაკეთდა, ეს ცვლილებები უნდა იქნეს ბიუჯეტში ასახული და აქედან გამომდინარე, ბიუჯეტში აისახება ყველა ეს პროგრამა, რაც იქნება ჩადებული, თუმცა ნებისმიერი განვლილი დღე, ფინანსთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ ბიუჯეტზე აძლევს ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, ეს მათთვის სამუშაოდ არის კარგი მასალა. რაც მეტხანს იმუშავებენ – მათთვის უკეთესია, რომ უფრო მომზადებული ბიუჯეტი შემოიტანონ.

ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის თავიდან მომზადებას. წარმოიდგინეთ, ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი უნდა შეიცვალოს. რეალურად დისკუსიაში უნდა ვიყოთ ფინანსთა სამინისტროსთან, მაგრამ მათი მდგომარეობაც მესმის. რეცესია იქნება, მინუს 4% კი იქნება აღებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი იქნება. დეფიციტი ჯერადად გაიზრდება, ასევე შემოსავლები და ბიუჯეტის შემომავალი ფულადი ნაკადები შემცირდება.

ვფიქრობ,  შეიკვეცება ყველა ხარჯი, რომელიც არის შესაკვეცი და არ არის დაკავშირებული სოციალურ ხარჯებთან. ჩვენ იმდენად კარგი მაკროეკონომიკური პარამეტრებით მივდიოდით, რომ ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც ბიუჯეტში გაიწერება, იქნება შესრულებული. როგორც გითხარით ყოველ დღეს მეტი გარკვეულობა შეაქვს ამ სიტუაციაში და რაც მთავარია, ქვეყანა აიღებს და შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რაც აქამდე ჰქონდა, რაც ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი და რაც მას საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჰქონდა.

ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროექტი იქნება მაკროეკონომიკურად იმ პარამეტრებში მომზადებული, რომელიც სავალუტო ფონდთან თანხმდება. ველოდებით, რომ ბიუჯეტის ვერსია, რომელიც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი იქნება ისეთი, რომელიც ამ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,” – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით,  2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. IMF-ის დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი. 

BM.GE

Share