Home » ეკონომიკა » ირაკლი გოგავა – საქართველოს და ქართველების გაღარიბების შეჩერება შეიძლება მხოლოდ მრეწველობის განვითარებით

ირაკლი გოგავა – საქართველოს და ქართველების გაღარიბების შეჩერება შეიძლება მხოლოდ მრეწველობის განვითარებით



“საქართველოს და ქართველების გაღარიბების შეჩერება შეიძლება მხოლოდ მრეწველობის განვითარებით”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს და ქართველების გაღარიბების შეჩერება შეიძლება მხოლოდ მრეწველობის განვითარებით! ყველა განვითარებული ქვეყანა მხოლოდ მრეწველობის განვითარებით გახდა განვითარებული. ეს აქსიომაა და მას ალტერნატივა არ აქვს. დღეს საქართველო უცხოეთიდან ნასესხებ ფულს მილიარდობით ხარჯავს გზების პროექტებზე და მრეწველობის განვითარებას კი მხოლოდ რამდენიმე ათეულ მილიონს ახმარს. გზა და ინფრასტრუქტურა უდაოდ კარგია, მაგრამ ის არ ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს და არ ქმნის სიმდიდრეს ხალხისთვის. მრეწველობის განვითარება კი იმდენ შემოსავალს მოიტანს, რომ გზებს საკუთარი ფულით დააგებ და არა ნასესხებით.

ქვეყანამ ტურიზმიდან $3 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ იმ პროდუქტს, რასაც ჩამოსული ტურისტი მოიხმარს ამ თანხის 2/3 ანუ $2 მილიარდი ისევ საზღვარგარეთ მიდის იმ საქონლის შემოსატანად, რაც ტურისტს სჭირდება: სურსათი, ბეზნინი, ავეჯი, პირსახოცი, ღვინის და ლიმონათის ბოთლი, ჭურჭელი, თეთრეული და ასე შემდეგ. ანუ ამ $2 მილიარდით, რომელიც ჩვენთან უნდა დარჩენილიყო, სხვა ქვეყნებში ვქმნით 100,000 სამუშაო ადგილს. ამას დაუმატეთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტის იმპორტი ($7 მილიარდი), რომლითაც კიდევ 250,000 სამუშაო ადგილს ვქმნით სხვა ქვეყნებში. გამოდის, რომ უცხოეთში ჩვენი ფულით პირდაპირ ვქმნით 350,000 სამუშაო ადგილს, ხოლო ირიბად 1,2 მილიონ სამუშაო ადგილს. ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან უმუშევარი 1 მილიონი ადამიანია და მათ მთავრობა თვითდასაქმებულად თვლის, იყენებს რა დასაქმებულობის განსაზღვრის ყალბ მეთოდოლოგიას.

სად არის გამოსავალი? არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ის მილიარდები, რასაც სესხად გზებისთვის გვაძლევენ შეიძლება რომ მოგვცენ საწარმოების აშენებაზე. ეს არ შედის იმ ფინანსური ინსტიტუტების ინტერესებში. აქ გამოსავალი არის შემდეგში:


1. საბანკო სექტორი დღეს სიხარულით იძლევა სამომხმარებლო სესხებს ანუ ფაქტიურად აკრედიტებს უცხოურ კომპანიებს, რომლის საქონელიც იყიდება ჩვენთან (ტელეფონი, ავტომობილი, მაცივარი, ტელევიზორი, მტვერსასრუტი, ავეჯი…). ბანკებს უნდა დაუწესდეს ვალდებულება და მინიმუმ 30%-იანი საკრედიტო პროტფელი წარმოების დასაკრედიტებლად გამოყონ. ეს დაახლოებით $2,5 მილიარდი დოლარის სამრეწველო ინვესტიციაა წელიწადში, რაც ნიშნავს ყოველწლიურად 80,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას პირდაპირ და ირიბად კი 200,000. მსგავსი მიდგომით ჩვენ 5-6 წელიწადში შევძლებთ უმუშევრობის აღმოფრხვრას, ხოლო ეკონომიკა კი გაორმაგდება.


2. ამასთან აუცილებელია:
ა) მრეწველობის საოპერაციო ხარჯების შემცირება/ოპტიმალიზაცია. მრეწველობისთვის ელექტორენერგიის, წყლის, კანალიზაციის, ბუნებრივი აირის ტარიფები მოსახლეობის ტარიფზე იაფი უნდა იყოს, როგორც ეს ევროკავშირშია.
ბ) საწარმოებისთვის 2-3 წლიანი საგდასახადო არდადეგები.
გ) სახელმწიფოს მიერ პოლიტიკის შემუშავება, მრეწველობის რომელი დარგები უნდა განვითარდეს პრიორიტეტულად პირველ 5-6 წელიწადში და უპირატესობა მიეცეს იმ დარგებს, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს მოიხმარენ.
დ) საწარმოო ხაზების და იმ ნედლეულის იმპორტი, რომელიც ვერ იწარმოება ქვეყანაში უნდა გათავისუფლდეს დღგ-ს და იმპორტის გადასახდისგან.
ე) დაუბეგრავი ბრუნვის მინიმუმი ბინზესისთვის უნდა გაიზარდოს წლიური 500,000 ლარამდე.
ვ) დღგ-ს გამოყენება მრეწველობისთვის უნდა მოხდეს “ჩინური მოდელით”, სადაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად საჭირო ნედლეული, მასალები, დეტალები იბეგრება 0, 1, 3 ან 5%-იანი დღგ-ს განაკვეთით, რაც გააიაფებს საბოლოო პროდუქტს და კონკურენტულს გახდის მსოფლიოში.
ზ) უნდა აღიკვეთოს დემპინგი იმპორტზე და სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტი, რომელიც საზღვარზე საკომპენსაციო მოსკრებელს გადაიხდის
თ) მსხვილ იმპორტიორებს მიეცეს წინადადება გახსნან საწარმოები საქართველოში ან შეუკვეთონ პროდუქციის წარმოება უკვე არსებულ საწარმოებს და იმპორტის გადასახადით ამ პროცესის სტიმულირება.
ი) სათბურის გაზის იაფი ტარიფი და სათბურების კონსტრუქციების განვადებით გადაცემა მსურველ მეწარმეებს
კ) დიზელზე აქციზის, სახელმწიფო მოსაკრებლის გაუქმება – ეს გააიაფებს მიწის დამუშავებას და აგრარულ სფეროს სტიმულს მისცემს. პარალელურად უნდა შეიზღუდოს დიზელის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტი.
ლ) აგრარული სავაჭრო სახლის სააქციო საზოგადოების “ქართული სახლის” შექმნა, რომელიც გარანტირებულ და წინასწარ გამოცხადებული სამართლიანი ფასით ჩაიბარებს ფერმერისგან მოსავალს და უზრუნველყოფს მის გატანას საზღვარგარეთ.

თუ გვინდა ეშველოს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, მხოლოდ წარმოების განვითარება არის მართებული გზა. ეს არის ძირითადი, რაც 15-20 წუთში თეზისებად ჩამოვწერე. ამ თეზისების საფუძველზე კი 2-3 კვირაში მრეწველობის განვითარების დეტალური სახელმწიფო პროგრამის დაწერა შეიძლება მეცნიერების, დარგის სპეციალისტების მონაწილეობით და ბიზნესთან კონსულტაციებით.

P.S. თქვენი აზრით, მრეწველობის რომელი დარგების განვთარება უნდა იყოს პრიორიტეტული პირველ 5-6 წელიწადში? წელიწადზე მეტია ამ საკითხს ვსწავლობ, უამრავ ლიტერატურას ვეცნობი, სხვა ქვეყნების გამოცდილებას და საინტერესო იქნება თქვენი აზრი”, – წერს გოგავა.



Share