Home » ბიზნესი » იპოთეკური სესხების გაცემა იზრდება, ბინების რეალიზაცია კი მცირდება – რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე

იპოთეკური სესხების გაცემა იზრდება, ბინების რეალიზაცია კი მცირდება – რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე

იპოთეკური სესხების გაცემა იზრდება, ბინების რეალიზაცია კი მცირდება – რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე

კორონავირუსული პანდემიის გამო რომ მსოფლიო ეკონომიკაში მძიმე სურათი დადგა არახალია. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. თითქმის არ დარჩენილა ეკონომიკის სექტორი, რომელზედაც პანდემიურმა პროცესმა საკუთარი უარყოფითი კვალი არ დატოვა. ამ მხრივ, განსაკუთრებით თვალშისაცემია ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორები. საქართველოს ეკონომიკის შემცირებაში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორმა შეიტანა თავისი წვლილი და შედეგად, წინასწარი შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, ხოლო იანვარ-ივნისში საშუალო რეალურმა ზრდამ -5.8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის გამოსაჯანსაღებლად სტიმულირების პაკეტები შეიმუშავა, რომლითაც კერძო სექტორს სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაუწესა. შეღავათების გარდა, სტიმულირების პაკეტი მოქალაქეების წახალისებასაც ითვალისწინებს. მაგალითად,  იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა. ახალი პროგრამით სესხების გაცემა გასულ თვეში დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტს ახალი ბინების საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება 70 მილიონი ლარი დაუჯდება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

აღნიშნული პროგრამის პირველადი შედეგების შესახებ საუბარია კომპანია „თიბისი რისერჩის“ (TBC Research) მიერ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საკითხზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კერძოდ, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30 პროცენტი სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.

ამავე ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან პირველად, თბილისში რეალიზებული უძრავი ქონების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება. უშუალოდ „თიბისი ბანკში“ კი, გასული კვირის განმავლობაში დამტკიცებული იპოთეკური სესხების რაოდენობა წლიურად 7 პროცენტით არის გაზრდილი.

„22-29 ივლისს გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7 პროცენტი შეადგინა. სესხების გაცემა თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30 პროცენტი სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის შვიდი დღის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება“, – მითითებულია ანგარიშში.

როგორც უკვე აღინიშნა, მთავრობის მიერ სტიმულირებული პაკეტი გაყიდვების წახალისებას და ამავდროულად უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას ემსახურება, რადგან პანდემიისგან გამომდინარე ეკონომიკურმა მარწუხებმა, მოქალაქეების ჯიბეებს საგრძნობლად დაარტყა და მათი მსყიდველობითუნარიანობა საგრძნობლად შეამცირა.

ზემოაღნიშნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, აისახა უძრავი ქონების გაყიდვებზე, რის სტიმულირებსაც წესით უნდა ემსახურებოდეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური პაკეტი. შედეგად, თუ გადავხედავთ „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, დავინახავთ რომ მხოლოდ ივნისში, თბილისში უძრავი ქონების რეალიზაცია დაახლოებით 21%-ით შემცირდა.

„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ თუ 2019 წლის ივნისში დედაქალაქში 2 776 ბინა გაიყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 2 194 ერთეული შეადგინა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, დგინდება თუ თბილისის რომელ უბნებშია ფასები გაზრდილი და რომელში შემცირებული. საუბარია 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე.

კერძოდ, ყველაზე მეტად გაყიდვები ჩუღურეთში შემცირდა – 76%-ით, ყველაზე ნაკლებად კი ვაკეში – 47%-ით. რაც შეეხება უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულებებს, აქ ყველაზე მეტი ზრდა მთაწმინდაზე ფიქსირდება, +21 პროცენტიანი, ხოლო ყველაზე მეტად ფასები ჩუღურეთში შემცირდა, -28 პროცენტით.

დანარჩენი უბნების მაჩვენებლები კი შემდეგია: ვაკე – 896 აშშ დოლარამდე (-6%); საბურთალო – 790 აშშ დოლარამდე (-5%); ნაძალადევი – 585 აშშ დოლარამდე (+7%); გლდანი – 561 აშშ დოლარამდე (+6%); კრწანისი – 844 აშშ დოლარამდე (+12%); დიდუბე – 671 აშშ დოლარი (+4%); ისანი – 606 აშშ დოლარი (-6%); დიდი დიღომი – 531 აშშ დოლარი (-2%); სამგორი – 531 აშშ დოლარი (+/-0).

თუ ივნისის თვეში „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევით, უძრავი ქონების რეალიზაცია 21%-ითაა შემცირებული, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, იპოთეკური სესხების გაცემის წლევანდელი მაჩვენებელი ანალოგიური პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელს უკვე გადასცდა.

„უკვე გამოჩნდა კომერციული სექტორის და სამშენებლო კომპანიების ერთობლივი შეთავაზებები. ველოდებით, რომ სუბსიდირების პროგრამაზე მორგებული პროექტები უფრო მრავალფეროვანი იქნება.

დღეის მდგომარეობით, სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებზე განაცხადების მიღება მკვეთრად გაზრდილია, გაცემის კუთხით ჯერ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან მოთხოვნის დამუშავებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. მოთხოვნა, ასევე გაცემული სესხებისა და გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა გასული წლის მაჩვენებლებს უკვე გადაცდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ერთი თვის მაჩვენებლით მზარდ დინამიკაზე ცალსახად საუბარი რთულია.

აპრილი მკაცრი კარანტინის პერიოდი იყო, ივნისში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე წინასწარმა განცხადებამ კლიენტები მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. ივლისში დაფიქსირებული ზრდა შესაძლოა, ამის ეფექტიც იყოს. შესაბამისად, სანამ ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის მონაცემები არ გვექნება, დინამიკაზე ვერ ვისაუბრებთ. ჯერ რთულია იმის პროგნოზი, რომ წლის ბოლომდე ასეთი მზარდი ტრენდი შენარჩუნდება“, – განაცხადა ძნელაძემ.

გარდა ამისა, პანდემიამ ასევე ასახვა ჰპოვა გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე. კერძოდ, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყენებული მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა.

იანვარ-ივნისში 4169 ნებართვა გაიცა 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები”, – ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.

ამასთან,¸2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიიღეს 758,8 ათასი კვ.მ ფართობის 810 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლებია.

სანდრო პირველი

Share