Home » ეკონომიკა » ინფლაციის მაჩვენებლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ

ინფლაციის მაჩვენებლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ

„კატასტროფული რეალობა გვაქვს, ინფლაცია მაღალ დონეზეა, ეროვნული ვალუტა კი მიმდინარე პერიოდში რეკორდულად გაუფასურდა. სწორედ აქედან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული ბანკის საქმიანობის წარმატება-წარუმატებლობის შესახებ“,-  ამის შესახებ „კომერსანტს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა და ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობის კომპეტენტური შემფასებელი არ არის, მაგრამ მუდმივად გაუფასურებული ეროვნული ვალუტის მაჩვენებლით შეუძლია ისაუბროს ქვეყნის ცენტრალური ბანკის საქმიანობაზე.

„მიუხედავად ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა ეკონომიკურ პროცესებში, ვცდილობ,ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისგან ყოველთვის თავი შევიკავო, ეს არის სპეციფიკური სფერო, ძალიან სპეციფიკური ცოდნით აღჭურვილი ადამიანებისთვის განკუთვნილი სფერო. ეროვნული ბანკის შინაარსი მესმის, იმ ინსტრუმენტების შესახებაც ძალიან კარგად ვარ გარკვეული, რასაც ის გამოიყენებს ხოლმე მისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. თუმცა, მე მაინც არ გამოვდგები კომპეტენტურ ადამიანად და მის შესაფასებლად. ერთს კი ვიტყვი , როგორც მოქმედი ბიზნესმენი და როგორც ბიზნეს გაერთიანების თავმჯდომარე, ყველა ბიზნესმენისთვის და საქართველოში მოქმედი ყველა ეკონომიკური სუბიექტისთვის მთავარ გამოწვევად გადაიქცა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი, მისი ძალიან მყიფე მდგომარეობა და მისი მუდმივი დევალვაცია, მისი მუდმივი გაუფასურება ამერიკულ დოლართან, ევროსთან თუ სხვა მყარ ვალუტებთან მიმართებით. დღეს კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვართ, ბევრად უფრო ცუდი ნიშნულით,ვიდრე კრიზისამდელ პერიოდში,როდესაც  2.9-ზე  დაფიქსირდა კურსი. დღეს კი 1 აშშ დოლარი დაახლოებით    3.20 ლარად ივაჭრებს. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ეროვნული ბანკის არცთუ წარმატებული საქმიანობის შესახებ“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

„კომერსანტთან“ საუბარში გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ყურადღებას პრემიერ-მინისტრის პრეზენტაციაზე ამახვილებს. ბიზნესმენისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მეთაურს არც კი უხსენებია ეროვნული ვალუტა, რომელმაც მიმდინარე პერიოდში რეკორდული ვარდნა განიცადა, რამაც მისი თქმით, მაღალი ინფლაცია გამოიწვია.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ პრემიერმინისტრმა  ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის ფარგლებში ადგილი ვერ მოუძებნა ლარის კურსს. ეს იყო ჩემთვის გამაოგნებელი, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ყოველგვარ კრიზისზე საუბრის გარეშეც დღევანდელი ეროვნული ვალუტის კურსი არის კატასტროფულად გაუფასურებული. ეს არ არის ის კურსი, რომელიც წონასწორობის ნიშნულს პასუხობს. არც პრემიერ-მინისტრის სიტყვაში ითქვა არაფერი და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერვიუებში არაფერი ჩანს იმის შესახებ, რომ ლარის კურსის საშველად და გაძლიერებისთვის რამის გაკეთებას აპირებენ, ამით ძალიან უკმაყოფილოები ვართ ბუნებრივია იმიტომ, რომ რომ ვხედავთ რა სიტუაციაა ფასებთან დაკავშირებით ბაზარზე, ვხედავთ რა სიტუაციაა ინფლაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში და საქსტატის მონაცემებით თუ ვიხელმძღვანელებთ, უპირველესი პროდუქტები როგორიც არის ხილი და ბოსტნეული გაძვირებულია 45%-ით, ამას კატასტროფაც აღარ ჰქვია. ამ დროს ეროვნული ბანკი თავისი დღევანდელი კანონმდებლობის ფარგლებში მუდმივად მხოლოდ და მხოლოდ  იმას იმეორებს, რომ ლარის კურსი კი არ არის მისი საქმე, ინფლაციის კონტროლი და ფასების კონტროლია მისი პრეროგატივა. რეალურად კი აი ასეთი კატასტროფული გაძვირება გვაქვს სახეზე“,— აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.

commersant.ge

Share