Home » ეკონომიკა » „იმ ბერკეტებით, რაც აქვს ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, არამარტო ფასების რეგულირება, არამედ სავალუტო რისკებისა და კურსის დაზღვევაც უნდა შეძლოს“

„იმ ბერკეტებით, რაც აქვს ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, არამარტო ფასების რეგულირება, არამედ სავალუტო რისკებისა და კურსის დაზღვევაც უნდა შეძლოს“

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, ქართული ბიზნესი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ ენდობა. ჭყონიას შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები გაუგებარია.

„ბანკები და ფინანსები“ დაინტერესდა თუ რამდენად იზიარებენ ბიზნესის სხვა წარმომადგენლები თემურ ჭყონიას პათოსს, რამდენად ენდობიან ქვეყნის მთავარ ბანკირს. მათი აზრით, რა პრობლემებს უქმნის ეკონომიკასა და ბიზნესის გამართულად ფუნქციონირებას გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. რამდენად მართებულ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ცენტრალური ბანკი ამ პროცესში.

ამ საკთხებზე „ბანკები და ფინანსები“ „საქკაბელის“ მმართველ პარტნიორს, ედიშერ მამალაძეს ესაუბრა. 

„ეს უფრო გემოვნების საკითხია, რადგან ბიზნესი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არჩევის პროცესში, არც პირდაპირ და არც ირიბად, არანირ მონაწილეობას არ იღებს. ჩვენ შეიძლება უფრო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან  გვქონდეს თუ რამდენად ვენდობით მათ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში.

თუმცა, რა ბერკეტებიც აქვს ეროვნულ ბანკს, ვფიქრობ, იმ ბერკეტებით არამარტო ფასების რეგულირება, არამედ სავალუტო რისკების და სავალუტო კურსის დაზღვევაც უნდა შეძლოს.  

ძალიან კარგად მახსოვს 90-იანი წლები. არ ვუბრუნდები არც 9 წლის წინანდელ მდგომარებას, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ქვეყანას და არც „ოცნების“ მმართველობის დროს არსებულ მდგომარებაზე ვსაუბრობ.  უფრო ადრინდელ ფაქტზე მინდა ყურადღების გამახვილება.  ჩვენი სახელმწიფო რომ შედგა,საამისო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ ჯიბეში გაჩნდა ლარი, როემლიც გახდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება.

ეს იყო 1995 წლიდან მოყოლებული და საკმაოდ დიდხანს ლარს კარგი პოზიციები ჰქონდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. თუმცა, იმ პერიოდში ეკონომიკაც უფრო მცირე იყო, ქვეყანაც უფრო სუსტი. რეფორმებიც არ იყო განხორციელებული, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ეროვნული ბანკი კურსს აკონტროლებდა. აკონტროლებდა ფასების ადეკვატურობასაც და აკონტროლებდა გაცვლით კურსსაც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რყევა, რასაც ლარი ახლა განიცდის, ანგრევს ეკონომიკას.

თუ ეროვნული ბანკი იტყვის, რომ მე ფასებზე ვარ მხოლოდ პასუხისმგებელიო, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხივითაა – ქვეყანა, რომელიც არის იმპორტდამოკიდებული, რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ლარის კურსის გაქცევის შემთხვევაში, ხვალ-ზეგ ფასებიც გაიქცევა. ყველაფერი გადახურდავდება მაინც ევროში და დოლარში.

ალბათ, უმჯობესია ეროვნულ ბანკს ფუნქცია დაუბრუნდეს, რომ ლარის სტაბილურ გაცვლით კურსზეც იყოს პასუხისმგებელი. დღეს, ასე ვთქვათ, ლარი არის უპატრონოდ. ეროვნული ბანკი იძახის, რომ ჩემი საქმე არაა, ფინანსთა სამინისტრო იძახის, რომ ჩემი საქმე არაა. არავის საქმე არ გამოდის.ეს  ეტყობა კიდეც ჩვენს ლარს.

კიდევ ერთ მომენტზე გავამახვილებდი ყურადღებას – შეგიძლიათ შეხვიდეთ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და ნახოთ, 1995 წლიდან, ანუ თავიდან, რამდენი პუნქტით შეიცვალა კურსი „ვარდების რევოლუციამდე“შემდგომ , „ვარდების რევოლუციიდან“  ოცნების  მთავრობამდე და ბოლოს  ამ მთავრობის პერიოდში.

იმ პერიოდში რომ ეკონომიკა იყო გაუბედურებული, ვგულისხმობ 1990-იან წლებს, ისეთი არ გვაქვს დღეს და არც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გვქონდა. თუმცა, კურსი სტაბილური იყო.

რა ასტაბილურებდა მაშინ კურსს?! სესხები გვქონდა უფრო მეტი აღებული თუ ვალდებულებები სხვა ქვეყნებიდან, თუ რა?

დღეს უფრო მეტი სესხი გვაქვს ვიდრე მაშინ. მაშინ უფრო მეტი იმპორტდამოკიდებულება იყო, ვიდრე დღეს“, – აღნიშნა ედიშერ მამალაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას.

Share