Home » ეკონომიკა » “ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლებით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია”

“ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლებით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია”

ივნისის ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, არატურისტულ სექტორში ეკონომიკის კლება პრაქტიკულად შეჩერებულია, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას.

მისი თქმით, ივნისში ეკონომიკურმა კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, ზოგადად რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებითაც.

„ბუნებრივია, კლების მთავარი მიზეზია ტურისტული სექტორი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად ძალიან დიდი წილი უკავია, დაახლოებით, 8-10 %-ის ფარგლებში. არსებულ დინამიკას თუ გავაანალიზებთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის დანარჩენ სექტორში, ეკონომიკის კლება პრაქტიკულად, შეჩერებულია და ჩვენ მომდევნო თვეებში ველოდებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს. რაც შეეხება ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზს – 2020 წლისათვის ის კვლავაც რჩება -4 პროცენტის ფარგლებში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც მან აღნიშნა, გრძელდება მთავრობის მიერ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერა: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც წლის ბოლომდე დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.

Share