Home » ფინანსები » ივნისიდან საბანკო სესხებს მხოლოდ შემოსავალდაკარგულებს გადაუვადებენ

ივნისიდან საბანკო სესხებს მხოლოდ შემოსავალდაკარგულებს გადაუვადებენ

ალექსანდრე ძნელაძე: “მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება დაწყებულია”

საბანკო სესხების 3-თვიანი გადავადების დრო თვის ბოლოს იწურება,  მოსახლეობის გადახდისუნარიანობა კი ფსკერზეა. დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ახლა დაიწყო, რის გამოც ხალხს შემოსავალი ჯერ კიდევ არ გააჩნია. საშეღავათო პერიოდის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა იგი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს შეეხება.

საბანკო სესხებზე დაწესებული გადავადების პირველი ეტაპი 10 დღეში, ზუსტად 31 მაისს იწურება. მსესხებლების უდიდესმა ნაწილმა ბანკების მიერ საშეღავათო 3-თვიანი გადავადებით ისარგებლა, რაც ხალხისთვის ერთგვარი შვება აღმოჩნდა, თუმცა, რადგანაც ჯერ კიდევ კრიზისული ვითარებაა, მოსახლეობა საშეღავათო პერიოდის გაგრძელებას მოითხოვს, რათა მათი უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შემოსავლის გარეშეა.

ვისთვის შეიძლება გაგრძელდეს შეღავათები, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფოკუსი შემოსავლებდაკარგულ მომხმარებელზე გაკეთდება. საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ორიენტაცია უფრო მოწყვლად ჯგუფზე გაკეთდება.

“მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება დაწყებულია, ეს გავრცელდება იმ ნაწილზე, რომელსაც ჰქონდა შემოსავალი და პანდემიის პირობებში ეს შემოსავალი აღარ აქვს”, – აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძენელაძემ და დასძინა, რომ ზუსტი ფორმულა, ვის და რა სახის შეღავათები შეეხება, უცნობია.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ბანკებმა შესაძლოა, საშეღავათო პერიოდი საერთოდ არც კი გაახანგრძლივონ, რადგან ასეთ შემთხვევაში შემოსავლებს ისინიც კარგავენ. 

“გადაწყვეტილება იმის შესახებ, გადავადდეს თუ არა სესხების გადახდა, მთლიანად ბანკებს ეკისრებათ. ეს მათი სურვილისამებრ მოხდება. ამიტომ, თუ განსაკუთრებული და სპეციალური რეგულაცია არ იქნება ამის თაობაზე მიღებული, ბანკები თავიანთ გადაწყვეტილებაში იქნებიან თავისუფალნი და არ გამორიცხოთ, რომ სესხების გადავადება არც მოახდინონ. 

საერთოდ, ასეთი საკითხები რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. როდესაც ბანკებს თავისუფალი არჩევანი აქვთ, ისინი, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ასეთი გულუხვები სესხების გადავადების საკითხში, ვინაიდან, სიმართლე უნდა ითქვას, გარკვეულ შემოსავალს ბანკებიც კარგავენ. 

მათი ზარალი ეროვნულ ბანკს რომ დაეფინანსებინა, ბანკები დათმობაზე სიამოვნებით წავიდოდნენ და გადაავადებდნენ სესხების დაფარვის პერიოდს. ერთი სიტყვით, აქ თუ არ ამოქმედდა სახელმწიფო მექანიზმი, თვით ბანკები, როგორც ბიზნესის დიდსულოვნებაზე გათვლა, არ იქნება მართებული. 

შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საბანკო სესხით სარგებლობს. მთლიანი ოდენობიდან შემოსავალი დაკარგა, ალბათ, 60%-მა. შესაბამისად, თუ ჩავთვლით, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა არის დაახლოებით, 2 მილიონი, მათ 70%-ს წარმოექმნება სერიოზული პრობლემები საკრედიტო დავალიანებებთან. 

ხალხს მხოლოდ ბანკის კრედიტი არ გააჩნია, სხვა სახის სესხებიც არსებობს. ესენია: ლომბარდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, კერძო იპოთეკარები, რომლებიც ახლა რეგულაციაში არიან მოქცეული. ამ კატეგორიის მომხმარებელს რას ჰპირდება ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამაზე ნათქვამი არაფერი არ არის”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ლია ელიავამ. 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ამის შესახებ მაშინ გავიგებთ, როდესაც მთავრობის დახმარებები გაიცემა. სესხების გადახის გახანგრძლივება ისეთი მასშტაბური აღარ იქნება, როგორიც ამ 3 თვის განმავლობაში იყო.  

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ბანკები თავად გადაწყვეტენ, ვის გაუხანგრძლივონ საშეღავათო პერიოდი და ვის – არა. 

“ვინც შემოსავალი დაკარგა, ის სესხებს ვერ გადაიხდის. შესაბამისად, ბანკები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ მათ საკითხს. ამ შემთხვევაში ბანკების ინტერესს არ წარმოადგენს გირაოში ჩადებული ქონება. ეს რაში სჭირდებათ, მათ უნდათ ლიკვიდობა. ახლა ყველას უჭირს ფული, ფულის არარსებობაშია პრობლემა. ამიტომ, ვისაც იმის შანსი გააჩნია, რომ მომავალში შემოსავალი აღუდგება, ცხადია, ბანკის ინტერესშიც შედის, რომ ასეთ ადამიანს აცადოს და მისცეს დრო იმისთვის, რათა მან მომავალში დაიწყოს გადახდა. ეს, რა თქმა უნდა, ხდება გარკვეული რისკის საფუძველზე. ეს ჩვეულებრივი ბიზნესგარიგებაა, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. 

ვისი საბანკო ამონაწერიდანაც ჩანს, რომ არც ისე მძიმე მდგომარეობაშია, მათთვის სესხი არ უნდა გადავადდეს. ზოგადად ამ საკითხის მიმართ რაიმე ოფიციალური მიდგომა, განკარგულების მომზადება და ზეწოლა ეროვნული ბანკის ან მთავრობის მხრიდან დაუშვებელია. ასეთი მოქმედება უკუპროცესს იწვევს. ბანკებმა თუ ყველა ადამიანს სესხი გადაუვადა, მაშინ ისინი ბიზნესს ვერ დააკრედიტებენ, კომპანიები კი ფუნქციობას ვერ დაიწყებენ. შესაბამისად, სამუშაო ადგილები კიდევ უფრო დიდი ხნით ვერ აღდგება”, – განუცხადა “რეზონანსს” ცომაიამ.

წყარო: “რეზონანსი”

Share