Home » მსოფლიო » იაპონიის ეკონომიკური სასწაული – ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

იაპონიის ეკონომიკური სასწაული – ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

იაპონიის მაგალითი რაღაცნაირად ჰგავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკის აღორძინების თავისებურებებს. კაპიტულაციაზე ხელის მოწერის მომენტისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონიის ეკონომიკის დონე გერმანიის მსგავსად დაცემული და გაკოტრებული იყო. მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა მთლიანდ მოშლილი, ხოლო ქალაქები, დაბომბვის გამო, ნანგრევებად იყო ქცეული.

1952 წელს, მოკავშირეთა ოკუპაციის პერიოდში იაპონია წარმოადგენდა ქვეყანას, სადაც ერთ ადამიანზე გათვლილი საარსებო ხარჯები დაახლოებით ამერიკის შეერთებული შტატების იმავე მაჩვენებლის 1/5-ს შეადგენდა. მომდევნო ორი ათწლეულის დასრულების შემდეგ, იაპონიის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, რის შედეგადაც ქვეყანამ ომის შემდგომი პერიოდის „ნაკლებად განვითარებული“ ქვეყნის სტატუსიდან „განვითარებული“ ქვეყნის სტატუსს მიაღწია. იაპონიის ეკონომიკური ზრდა იმდენად შთამბეჭდავი იყო, 1968 წელს ეროვნული შემოსავალი გაორმაგდა და საშუალო ზრდის პროცენტულმა მაჩვენებელმა მიაღწია 10%-ს, ხოლო იაპონიის ეკონომიკა ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა გახდა.

იაპონიის ეკონომიკურ სასწაულს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში თავისუფალ ვაჭრობაზე გადასვლამ, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭრით განხორციელდა. კერძოდ, შეთანხმებამ ტარიფებსა და ვაჭრობაზე. რასაც დაემატა სახელმწიფო სტრატეგია ახალ ტექნოლოგიების და ადგილობრივი წარმოების მიმართულებით.

იაპონური ეკონომიკის ფილოსოფია აგებულია მრეწველობის კონკურენტუნარიანობის დოქტრინაზე, რაც ექსპორტის მზარდ ზრდას უზრუნველყოფს. თვალსაჩინოებისათვის ექსპორტის ზრდის პროცენტულმა მაჩვენებელმა 1960-იან წლებში წელიწადში საშუალოდ იმ პერიოდში სარეკორდო 18.4% შეადგინა!. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული 1973 წლის ნავთობის კრიზისის დადგომამდე, ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად ვითარდებოდა კერძო სექტორის ინფრასტრუქტურა და ასევე გაიზარდა პირადი დანაზოგების მაჩვენებელი.

ჩინეთის მსგავსად, თუ ადრე ეკონომიკის ძირითადი დარგებიდან პრიორიტეტული იყო სოფლის მეურნეობა და მსუბუქი მრეწველობა, თანდათან უფრო მნიშვნელოვანი გახდა მძიმე მრეწველობა. ინდუსტრიულ სექტორში წამყვანი დარგი გახდა გემთმშენებლობა, ლითონისა და რკინის, ჩარხების, ავტომობილების, ასევე ელექტრო მოწყობილებების წარმოება.

მაგრამ ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა 1973 წლიდან. 1973 წლის ბოლოს იაპონიის ინფლაციის მაჩვენებელმა ორციფრიანი ნიშნული შეადგინა, რისი გამომწვევი მიზეზიც იყო ნავთობის კრიზისი, რომელიც ცნობილია აგრეთვე „ნავთობზე ემბარგოს“ სა ხელით. ის დაიწყო 17 ოქტომბერს, როცა ოპეკ-ის წევრმა არაბულმა ქვეყნებმა „იომ-ქიფურის ომის“ დროს უარი განაცხადეს ნავთობის მიწოდებაზე იმ ქვეყნებისათვის, ვინც ისრაელს უჭერდა მხარს სირიასა და ეგვიპტესთან კონფლიქტში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხებოდა აშშ-ს და მათ მოკავშირეებს დასავლეთ ევროპაში. მომდევნო წლის განმავლობაში ნავთობზე ფასი გაიზარდა 3-დან 12 დოლარამდე ბარელზე. ნავთობის გაძვირებამ და ენერგეტიკულმა ხარჯების ზრდამ იენის კურსის არასტაბილურ რყევები გამოიწვია. შედეგად იაპონიის ექსპორტი შემცირდა, ხოლო ეკონომიკამ დაიწყო ვარდნა და რეცესიამ ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. გარდა ამისა მნიშვნელოვნად შემცირდა კერძო ინვესტიციები, რაც წინა წლებში იაპონური ეკონომიკის ზრდის განმაპიროვნებელი წამყვანი ფაქტორი იყო ექსპორტთან და მოხმარებასთან ეერთად..

1974-90 იან წლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შემცირდა 10%-დან 3.6%-მდე, ხოლო 1980-იან წლებში 4.4%-მდე. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიას პრინციპით, 1979 წელს უკვე მეორედ მომხდარმა ნავთობის კრიზისმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იაპონიის მრეწველობის სტრუქტურულ ტრანსფორმაციაში და გამოიწვია ისეთი ახალი დარგის განვითარება, როგორიცაა ნახევარგამტარების წარმოება. 1980 იანი წლებიდან დაიწყო კომპიუტერების, ნახევარგამტარი და სხვა ტექნოლოგიების, ასევე, საინფორმაციო-ინტენსიურმა მრეწველობებმა დაიწყო სწრაფი ტემპებით განვითარება.
მართალია, ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირებულია, მაგრამ დღეს იაპონიის ეკონომიკა 5.23 ტრილიონი აშშ დოლარით, მყარად დგას მესამე ადგილზე აშშ -ს და ჩინეთის შემდეგ.

იაპონური ეკონომიკის მართვის ქვაკუთხედს კოლექტიურობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ იაპონური შრომის კოდექსის მიხედვით კორპორაცია იგივე ერთი დიდი «ოჯახია» და სოლიდარულობაც განსაკუთრებული აქვთ. თანამშრომლის დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებელია ყველა.
თუ ჩინური ეკონომიკა დგას კონფუციზმზე, იაპონიის ეკონომიკა საზრდოობს სინტოიზმით. სინტოს მოძღვრების მიხედვით, თუ ადამიანის ქცევა პატივისცემას იმსახურებს საზოგადოების მხრივ, მაშინ ის, სავარაუდოდ, სიკეთეს სჩადის. ასევე სათნოებად მიიჩნევა გარშემო მყოფთა მიმართ თანადგომა, უფროსების პატივისცემა, საზოგადოების წევრებთან მეგობრული ურთიერთობა და სხვა. ამასთან, სინტოიზმი გმობს ეგოიზმს, შეუწყნარებლობას. ბოროტებადაა მიჩნეული ყოველივე ის, რაც არღვევს სოციალურ წესრიგს და სამყაროს ჰარმონიას. სინტოიზმი როგორც სახელმწიფო რელიგია ჩამოყალიბდა დაახლოებით VII–VIII საუკუნეებში, როდესაც ერთიანი იაპონური სახელმწიფო შეიქმნა. ამიტომაც, შემთხვევითი არ არის, რომ უფროს-უმცროსობის პატივისცემის წესები, იაპონელების ეროვნულ ტრადიციას წარმოადგენს.

საშუალო ზომის იაპონური კომპანიების ნაწილი და ზოგიერთი მსხვილი კორპორაცია, იყენებს ე. წ. «სასიცოცხლო დასაქმების» პრაქტიკას. ახალგაზრდა, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კომპანიაში ეწყობა, იქ მისი კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება-განვითარება ხდება და ეს ადამიანი, ამ ორგანიზაციაში, საპენსიო ასაკამდე მუშაობს.

იაპონიის ეკონომიკური აღმავლობა იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ იაპონია ღარიბია ბუნებრივი რესურსებით. მაგრამ სამაგიეროდ, იაპონიამ ეს ფაქტორი ძალზე საინტერესო ფილოსოფიით გადალახა. ითვლება, რომ თუ იაპონური კომპანია მოგების გარეშე მუშაობს, დანაშაულს ჩადის საზოგადოების წინაშე, რადგან ის მატერიალური და შრომითი რესურსები, რომელიც ამ ფირმაში იხარჯება, შეიძლება უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სხვა ადგილზე და ამიტომ, ასეთ ორგანიზაციები უბრალოდ იხურება.

სამწუხაროდ, ეს ნარატივი – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, ჩვენთან დაკარგულია სხვადასხვა ისტორიული გარემოებების გამო, თორემ ცეკვა „ხორუმი“ სხვა კი არ არის თავისი არსით!.

გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის დოქტორი

Share