Home » მსოფლიო » ბორის ჯონსონი – „ბრექსითი“ 31 იანვარს შედგება, არანაირი “თუ”, არანაირი “მაგრამ,” არანაირი “შეიძლება”

ბორის ჯონსონი – „ბრექსითი“ 31 იანვარს შედგება, არანაირი “თუ”, არანაირი “მაგრამ,” არანაირი “შეიძლება”

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.

„ჩვენ „ბრექსითს“ 31 იანვარს განვახორციელებთ, არანაირი “თუ”, არანაირი “მაგრამ”, არანაირი “შეიძლება!“-განაცხადა ჯონსონმა საპარლამენტო არჩევნების დიდი უპირატესობით მოგების შემდეგ.

მისივე თქმით, ის დღე და ღამე იმუშავებს, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა გაამართლოს.

„ეს ჩემი მისია იქნება, რომელზეც დღე და ღამე ვიმუშავებ, რომ დავამტკიცო, თქვენ მართლები იყავით, როცა მხარი დამიჭირეთ“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დატოვება, ბრიტანეთს საშუალებას მისცემს „დაიბრუნოს კონტროლი საკუთარ კანონმდებლობაზე, საკუთარ საზღვრებზე, ფულზე, ვაჭრობაზე, საიმიგრაციო სისტემაზე“.

ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბორის ჯონსონის „კონსერვატიულმა პარტიამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ბრექსითის“ განხორციელება დათქმულ ვადაში, 31 ოქტომბრამდე ვერ მოახერხა.

ipn.ge

Share