Home » ბიზნესი » თხევადი აირის სექტორის გაშავება კონკრეტული ადამიანების ინტერესშია, რადგან საკმაოდ მძაფრ კონკურენციაშია ბენზინისა და დიზელის ფასთან – ნიკა ხოფერია

თხევადი აირის სექტორის გაშავება კონკრეტული ადამიანების ინტერესშია, რადგან საკმაოდ მძაფრ კონკურენციაშია ბენზინისა და დიზელის ფასთან – ნიკა ხოფერია

„თუ საქართველოში თხევადი გაზი კანონის გვერდის ავლით იყიდება,  ეს შემოსავლების სამსახურმა უნდა გამოავლინოს,“ – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა.

ნიკა ხოფერიას განმარტებით, ქვეყანაში თხევად აირზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იმპორტის მაჩვენებლებიც მზარდია. ამასთან, მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში 300-მდე თხევად აირზეზე მომუშავე ავტოგასამართი სადგურია. სექტორი კი დაახლოებით 2000 ადამიანს ასაქმებს. თხევადი გაზის ასოციაციის თავმჯდომარე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში თხევადი აირის რეალიზაცია აქციზის გადასახადისგან თავის არიდებით ხდება.

„როგორც ვიცი, შემოსავლის სამსახურის წარმომადგენლებმა რამდენიმე კომპანიაში განახორციელეს მონიტორინგი, თუმცა კანონდარღვევა დადასტურებული არ არის. ვფიქრობ, ამ სექტორის გაშავება კონკრეტული ადამიანების ინტერესშია. როგორც იცით, თხევადი აირი საკმაოდ მძაფრ კონკურენციაშია ბენზინსა და დიზელის ფასთან. ვფიქრობ, ესაა მიზეზი იმისა, რომ სექტორის წარმომადგენლები კონტრაბანდისტებად გამოყავთ და გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ.“ – აღნიშნა ნიკა ხოფერიამ.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ორეტაპიანი დაბეგვრის რეჟიმის გაერთიანება მოხდება,  იმპორტიორებს პრობლემა არ შეექმნებათ.

„ამ გადასახადების გაერთიანება პრობლემა არ არის, ცალ-ცალკე მოხდება დაბეგვრა თუ ერთად,  ჩვენ ამ საკითხში კითხვის ნიშანს ვერ ვხედავთ. აქ ერთი მომენტია, დაბეგვრის მეორე ნაწილის – 180 ლარის გადახდა, რეალიზაციის მომენტში ხდება. რეალიზაციისა და პროდუქტის ქვეყანაში შემოსვლის მომენტი კი ერთმანეთს დროში არ ემთხვევა. თუმცა კომპანიები ორი კვირით ადრეც მოახერხებენ ამ თანხების მოძიებასა და სამას ლარიანი გადასახადის პროდუქტის შემოტანისთანავე, საბაჟოზე გადახდას.  

 თხევად აირთან დაკავშირებით ერთადერთ პრობლემას რასაც ვხედავთ, ამ  სექტორის  მიზანმიმართული გაშავებაა. თუმცა  იმის გამო,  რომ ბენზინი ნაკლები იყიდება და თხევადი აირი ქვეყანაში თანდათან უფრო მოთხოვნადი და კონკურენტული ხდება, ამ ბაზარს ვერ ჩავკეტავთ.“- განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაცია ერთის მხრივ თხევადი აირის იმპორტის დაბეგვრის ორეტაპიანი რეჟიმების გაერთიანებას, მეორე მხრივ კი უაქციზო სასაქონლო კოდის დაბეგვრის რეჟიმში მოთავსებას ითხოვს.

„ბიზნესპარტნიორი“

Share