Home » ბიზნესი » თხევადი აირის პოპულარობა იზრდება – რა განაპირობებს დაბალ ფასს

თხევადი აირის პოპულარობა იზრდება – რა განაპირობებს დაბალ ფასს

თხევადი აირის ავტომობილებში საწვავად გამოყენება ბოლო პერიოდში საოცრად პოპულარული გახდა. ბევრი მანქანა გადადის ამ ტიპის საწვავზე, თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდება იმპორტი და გაზგასამართი სადგურების ქსელიც. ამ ყველაფრის მიზეზი, პირველ რიგში, დაბალი ფასია, რომელიც სინამდვილეში სულ სხვა მანიპულაციებით მიიღწევა.

მომხმარებელი ბოლო დროს მართლაც აკეთებს არჩევანს თხევადი აირის მოხმარებაზე. თხევადი აირის (ელპიჯი) რეალიზაცია ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 2-3 წელიწადში მისი გამოყენება აქტიურად დაიწყო სატრანსპორტო საშუალებებში. ამ დროს, როგორც მომხმარებლების და ნაწილობრივ სპეციალისტებიც აღნიშნავენ, ჩასხმის დროს თითქმის ყველა კომპანია იტყუება.

ფასთა შორის სხვაობა თხევად აირსა და ბენზინს შორის საკმაოდ დიდია. თუ დღეს ბენზინის საშუალო 2.40 ლარია, თხევადი აირი 1.35 ლარი ღირს. შესაბამისად, თხევად აირზე სულ უფრო ხშირად გადაჰყავთ ავტომობილები. იგი დიდ კონკურენციას უწევს ბუნებრივ აირსაც.

აღსანიშნავია, რომ დაბალი ფასის განმაპირობებლი სულ სხვა მომენტია. საქმე ისაა, რომ კონტრაბანდამ საწვავის ბაზარზეც შეაღწია. დღესდღეობით თხევადი აირის არალეგალურად შემოტანა პროდუქტზე დადგენილი სპეციალური კოდებისა და მათზე არსებული დაბეგვრის სისტემის საშუალებითაა შესაძლებელი.

დღეს მოქმედი ნორმით, ადგილობრივი ქიმიური წარმოებისთვის განკუთვნილი თხევადი აირი არ იბეგრება და სწორედ ამ ტიპის საწვავისთვის მინიჭებული საშეღავათო კოდით შემოდის თხევადი აირი მანქანებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურებისთვის. საბუთები ფორმდება, როგორც წარმოებისთვის განკუთვნილი საქონლისთვის, მაგრამ რეალურად იგი ხვდება გაზგასამართი სადგურების ქსელში. ამიტომაც ბოლო 2 წელიწდაში თხევადი აირის იმპორტი ლამის 10000-ჯერ გაიზარდა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა კემულარია აღნიშნავს, რომ იმპორტის საეჭვოდ ზრდა შესაბამისი სტრუქტურებისთვის უნდა იყოს სიგნალი, რათა ბაზრის მოკვლევა მოახდინონ.

“აშკარაა, რომ არასწორი დანიშნულებით ხდება კოდის მინიჭება, რაც შავი ხვრელია ბიზნესისთვის. ფაბრიკა-ქარხნები არ გვაქვს იმ დონეზე, რომ ქიმიური წარმოებისთვის თხევადი აირის ზრდის საჭიროება შეიქმნას. ამიტომ ამ ტიპის საწვავის შემოტანისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობაც უნდა არსებობდეს. ერთია შემოტანა, მეორე – რეალიზაცია, ერთიც და მეორეც არალეგალურად ხდება და კანონმდებლობა ირღვევა, რასაც რეაგირება სჭირდება. ფაქტია, რომ გადასახადი იმალება და ბიუჯეტი დიდ ფულს კარგავს.

სტატისტიკა არის სიგნალი, რომ მოიკვლიონ, რა ხდება და რამ გამოიწვია ზრდა. არა მარტო ბიუჯეტი, ზარალდება ბიზნესი, რომელიც კეთილსინდისიერი გადამხდელია. კონტრაბანდის გამო ის არაკონკურენტუნარიანი ხდება და შემოსავალს კარგავს, რაც ზოგიერთისთვის ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს. ამ შემთხვევაში ბიუჯეტზე მეტად კომპანიები ზარალდებიან,” – აღნიშნა კემულარიამ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ყურადღებას ამახვილებს საკუთრივ გაზგასამართი სადგურების გაუმართაობაზე. მათი დიდი ნაწილი სრულებით არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს.

“გაზგასამართი სადგურების ნაწილი არ აკმაყოფილებს ტექნიკური გამართულობის და უსაფრთხოების ნორმებს. ავზები მიწისქვეშ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეთ მეხმარიდები და სხვა. მინიმალური ნორმებია, რასაც ყურადღება არ ექცევა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ რიგი კომპანიები არ ახდენენ საწვავის ზუსტ ჩასხმას. ატყუებენ მომხმარებელს და ამის ხარჯზეც იღებენ დამატებით შემოსავალს. გამომდინარე იქედან, რომ დიდი კონკურენციაა და ბევრი კომპანიაა, ამოსავალი წერტილი დაბალი ფასია, მომხმარებელს მისი მეშვეობით იზიდავენ. ამ დროს კი მასაც ატყუებენ და სახელმწიფოსაც”, – აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.

ლიკა მაისურაძე

Share