Home » ეკონომიკა » „თუ პანდემიის გამო ლარის გაუფასურება გაგრძელდა, შესაძლოა, სავალუტო კონტროლის შემოღებაც გახდეს საჭირო“

„თუ პანდემიის გამო ლარის გაუფასურება გაგრძელდა, შესაძლოა, სავალუტო კონტროლის შემოღებაც გახდეს საჭირო“

„ლარის დაღმასვლის პასუხად ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცოცავი დევალვაციის ტაქტიკას გამოვიყენებდი“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ კაკულიამ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ამით ეროვნული ვალუტის დაცემის ტრაექტორია ნაკლებად მტკივნეული და შთამბეჭდავი იქნებოდა.

„მე ყოველთვის ვიყავი არარაციონალური და დაუსაბუთებელი ინტერვენციების წინააღმდეგი. ასეთ ვითარებაში ინტერვენციები უნდა განხორციელდეს ორი მიზნით: პირველი, იმისთვის, რომ ბაზრის არაკანონზომიერი (რომელიც ფუნდამენტურ ფაქტორებთან არ არის დაკავშირებული) მერყეობა შეასუსტოს, და მეორე, ჩააცხროს ის პანიკური განწყობები, რომელიც ბაზარზე არსებობს. ამ შემთხვევაში, ვთვლი, რომ ინტერვენციების ტაქტიკა ბოლო 10 დღის განმავლობაში უნდა ყოფილიყო უფრო მოქნილი.

მე პირადად გავაკეთებდი შემდეგს: მთავრობის აქტივობებთან ერთად, განვახორციელებდი ე.წ მცოცავი დევალვაციის ტაქტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერვენციები ხდება სისტემატურად, ისე, რომ ეროვნული ვალუტის დაცემის ტრაექტორია ნაკლებად მტკივნეული და შთამბეჭდავი იყოს, რომ არ წარმოშვას ლარის განწირულობის განცდა.

გარდა ამისა, მივმართავდი უფრო აქტიურ და თანმიმდევრულ კომუნიკაციას საზოგადოებასთან: მხოლოდ განცხადებები და მესიჯები, რომელიც ადამიანების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, შედეგს ვერ მოიტანს. მუდმივად აპელირება იმაზე, რომ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ინფლაციის თარგეთირება და რომ ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში მზადაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, უკვე ნაკლებად დამაჯერებელია“,- განაცხადა მერაბ კაკულიამ.

მისი თქმით, თუ არაადეკვატური პანიკის გამო ლარის სწრაფი დევალვაცია გაგრძელდა, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს საგანგებო ზომების მიღება, კერძოდ მკაცრი სავალუტო კონტროლის შემოღება; თუმცა, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ დადგება დღის წესრიგში.

„ჩვენ საქმე იქამდე არ უნდა მივიყვანოთ, რომ მისაღები დარჩეს, საგანგებო ზომები ანუ მკაცრი სავალუტო კონტროლი. ასეთ შემთხვევაში, საკმარისი არ იქნება მხოლოდ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა, აუცილებელი გახდება ვალუტის ყიდვის ტოტალური კონტროლი ანუ, ვალუტის ყიდვა შეეზღუდებათ იმ სუბიექტებს, ვინც კრიტიკულ იმპორტს არ აწარმოებს. გარდა ამისა, ვალუტის შეძენა ეზღუდებათ ფიზიკურ პირებს და ა.შ. ეს არის დრაკონული მეთოდები, რომელიც აქამდე არასოდეს გამოგვიყენებია, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელშეკრულების მეთოთხმეტე მუხლი მსგავს ზომებს ითვალისწინებს, განსაკუთრებით განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქმე აქამდე არ მივა. თუმცა, თუ ეს პროცესი სხვა საშუალებებით ვერ შეჩერდა, ალბათ, მოგვიწევს ამაზე ფიქრი“,- განაცხადა მერაბ კაკულიამ.

წყარო: Bpn.ge

Share