Home » საზოგადოება » „თუ დამტკიცდა ვირუსის ხელოვნური კომპოზიციის ჰიპოთეზა, ჩინეთისგან კომპენსაცია უნდა მოვითხოვოთ მიღებული ზარალის გამო“

„თუ დამტკიცდა ვირუსის ხელოვნური კომპოზიციის ჰიპოთეზა, ჩინეთისგან კომპენსაცია უნდა მოვითხოვოთ მიღებული ზარალის გამო“

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალური ქსელით კორონავირუსის და ლუგარის ლაბორიატორიის თემას ეხმაურება და წერს:

„2018 წლის ნოემბერში გაერო-ს ეგიდით 17 ქვეყნის 22 სპეციალისტი ეწვია ლუგარის ლაბორატორიას და მისი ინსპექტირება მოახდინა. დაიდო დასკვნაც, რომლის მიხედვით საქართველო „ბაქტერიოლოგიური და მომწამლავი იარაღის შემუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციას“ არ არღვევს. ამ კონვენციის წევრი 1996 წლის მაისიდან ვართ.

2019 წელს ქართულმა მხარემ ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად სპეციალისტების გამოგზავნა რუსეთსაც შესთავაზა.

მიუხედავად ქართული მხარის მიერ დემონსტრირებული გამჭვირვალობისა, არ წყდება კრიტიკული განცხადებები რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე. ესეც გასაგებია, გამომდინარე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაბალი ნიშნულიდან.

გაოცებას კი იწვევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის გენ შუანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკელების მიერ შექმნილი ბიოლაბორატორიები ადგილობრივი მოსახლეობის და მეზობელი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. ამ მოსაზრების დასტურად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადება მოჰყავს.

დარწმუნებული ვარ ქართული მხარე კვლავაც მოიწვევს ექსპერტებს ყველა იმ ქვეყნიდან, ვინც ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ლაბორატორიას და მის საქმიანობას. ეს მნიშვნელოვანი იქნება მითების გასაქარწყლებლად.

თუმცა აქ მთავარი არის ჩინური მხარის განცხადება. მართალია, კონკრეტულად ლუგარის ლაბორატორიაზე არ არის საუბარი, მაგრამ ბატონი გენ შუანის მიერ დასახელებულ ლაბორატორიებში ქართული კვლევითი ცენტრიც იგულისხმება, რადგან გამორიცხვა გაკეთებული არ არის. ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ ჩინური უხანიდან მოხდა “კოვიდ 19”-ის გავრცელება მსოფლიოში.

ფრანგი მიკრობიოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს განცხადებით, უხანის ბიოლოგიური ლაბორატორია საუკუნის დასაწყისიდან სწორედ კორონავირუსებზე სპეციალიზირდება. ლუკ მონტანიემ ნობელის პრემია 2008 წელს შიდსის ვირუსის გენომის გაშიფრვაში მიიღო. ის აცხადებს, რომ „კოვიდ 19“ არის ხელოვნურად შექმნილი, სადაც კორონავირუსს დაამატეს შიდსის და მალარიის ვირუსების გენომის ფრაგმენტები. არსებობს ინდოელი მიკრობიოლოგების კვლევაც, რომელიც ასევე ადასტურებს “კოვიდ 19”-ის გენომში შიდსის ვირუსის ფრაგმენტის არსებობას.

ამ ფაქტს ემატება ისიც, რომ ჩინეთმა, სადაც “კოვიდ 19” გავრცელება ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო, მხოლოდ 31 დეკემბერს შეატყობინა ეს ფაქტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და მსოფლიოს ქვეყნებს. მსოფლიოსთვის ვირუსის გავრცელების დაგვიანებული შეტყობინების შედეგად, ბევრი ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას და შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.

ვფიქრობ, ქართველი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ ვირუსის წარმოშობის და გავრცელების შესახებ გამოძიებაში, რომლის ინიცირებას აშშ აუცილებლად მოახდენს. თუ დამტკიცდა ვირუსის ხელოვნური კომპოზიციის ჰიპოთეზა ან უხანში ვირუსის მასიური გავრცელელების ფაქტის ორი თვის განმავლობაში დაფარვა, ჩვენ ჩინეთისგან უნდა მოვითხოვოთ კომპენსაცია მიღებული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ზარალის გამო. ზარალი კი უზარმაზარია, ეკონომიკის ბლოკირებისთვის $3 მილიარდზე მეტი ახალი ვალის აღება გვიწევს, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკის დაკარგულ მოსალოდნელ 4.5%-იან ზრდაზე ($0.8 მლრდ) და ეკონომიკის($17.7 მლრდ.) შემცირებაზე, რომლის ოდენობა ჯერჯერობით დათვლადი არ არის“, – წერს გოგავა.

Share