Home » მსოფლიო » თურქეთის მთავრობამ ესპანეთს ჩინეთში ნაყიდი ხელოვნური სუნთქვის აპარატები წაართვა

თურქეთის მთავრობამ ესპანეთს ჩინეთში ნაყიდი ხელოვნური სუნთქვის აპარატები წაართვა

თურქეთის მთავრობამ ანკარაში იმ სამედიცინო აღჭურვილობის რეკვიზირება მოახდინა, რომელიც ესპანეთისთვის იყო განკუთვნილი. საუბარია ხელოვნური სუნთქვის 162 აპარატზე, რომელიც ესპანეთის პროვინციების ნავარასა და კასტილია ლა მანჩას მთავრობებმა ჩინეთში შეიძინეს და სტამბულის აეროპორტის გავლით ესპანეთში გადაჰქონდათ.

ფორმალურად, ტვირთის ჩამორთმევის საფუძველი თურქეთის მთავრობის საგანგებო დადგენილება გახდა, რომელიც, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყნის ტერიტორიიდან სამედიცინო აღჭურვილობის გატანას კრძალავს.

ესპანეთი ამ ტვირთს დაკარგულად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში პანდემიის განმავლობაში მაინც. საგარეო საქმეთა მინისტრის არანჩა გონსალეს ლაიას თქმით, სამედიცინო ტვირთი თურქეთის ტერიტორიიდან ესპანეთში ვერ ჩავა, რადგან პრეზიდენტ ერდოღანის მთავრობისთვის პრიორიტეტი ამჯერად საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ თურქეთი გონივრულ ვადაში, რამდენიმე კვირაში ტვირთს ესპანეთს დაუბრუნებს.

არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, რომ თავის თურქ კოლეგას სამგზის ელაპარაკა, რათა თურქეთის საბაჟოზე ტვირთი გაეტარებინათ, თუმცა უშედეგოდ.

resonancedaily.com

Share