Home » საზოგადოება » “თურქებს ეროვნული აღქმის დოკუმენტში გარკვევით უწერიათ, რომ აჭარა მათი ტერიტორიაა”
"თურქებს ეროვნული აღქმის დოკუმენტში გარკვევით უწერიათ, რომ აჭარა მათი ტერიტორიაა"

“თურქებს ეროვნული აღქმის დოკუმენტში გარკვევით უწერიათ, რომ აჭარა მათი ტერიტორიაა”

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ უპასუხა “ნეტგაზეთის” შეკითხვას, მართლაც სთხოვა თუ არა თურქეთის საელჩომ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, შეეჩერებინათ დიდგორის დღის უქმედ გამოცხადების შესახებ კანონპროექტი, როგორც ამის შესახებ ამ კანონპროექტის ინიციატორმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა?

“ბევრ დეტალში არ შევალ, უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, მეგობრობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ყველა საკითხი ძალიან გულახდილად და დაუფარავად განვიხილოთ. მაგრამ არც ერთ საკითხზე არც საქართველო ახდენს ზეწოლას თურქეთზე და არც თურქეთი საქართველოზე.

ძალიან ბევრ და ერთამენთისგან დამოუკიდებელ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა უწყებებთან. ეს კონსულტაციები არის მჭიდრო, მაგრამ გადაწყვეტილებას ყველა ქვეყანა დამოუკიდებლად მიიღებს,” – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ომის დღის, 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერებულია, რასაც პროექტის ინიციატორი ორი მიზეზით ხსნის.

ნუკრი ქანთარიას განცხადებით,  ერთი მიზეზი ის არის, რომ კანონპროექტის ინიციატორები კონსულტაციას მართავენ ისტორიკოსებთან, ხოლო მეორე მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნაა.

“თურქეთის საელჩომ თხოვნით მოგვმართა და გვითხრა, რომ დიდგორი მათი დამარცხების დღე არის და პარლამენტის ამ გადაწყვეტლებამ შეიძლება გარკვეული [უსიამოვნება] შეიტანოს ურთიერთობებში. მეგობრული თხოვნა იყო. რა თქმა უნდა, საელჩოს ჩვენს საშინაო საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს და კანონს ვერც ერთი ქვეყანა გაგვიჩერებს, ეს ჩვენი საქმეა,” – ამბობს ქანთარია.

მისივე თქმით, თურქეთი საქართველოს მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, რომელთანაც ურთიერთობის დაძაბვა არ გვაწყობს:

“სამწუხაროდ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და იმპერიული ზრახვები არ გვაქვს და ჩვენი გავლენის ქვეშ სხვის მოქცევას არ ვცდილობთ. ამიტომ მუდმივად გვმართებს დიპლომატია, ბეწვის ხიდზე სიარული, რომ რამე ჩვენი არ დავკარგოთ და ქვეყნის პერსპექტივას ზიანი არ მივაყენოთ. თურქეთი ჩვენი მეზობელი უდიდესი სახელმწიფოა, მას აქვს საშუალება, რომ ჩვენთან სიტუაცია დაძაბოს. ის არც აფხაზეთს აღიარებს და არც სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ჩვენ ამის გამო მადლიერები ვართ. ოფიციალურად, აჭარაზეც არ აქვს პრეტენზია, თუმცა ეროვნული აღქმის დოკუმენტში გარკვევით უწერიათ, რომ აჭარა მისი ტერიტორიაა. ყარსის ხელშეკრულებას ვადები არ აქვს და ამ ხელშეკრულებაში გარკვევით წერია, რომ საქართველო 1921 წელს თურქეთს უთმობს ტერიტორიას. ვუთმობ ნიშნავს, რომ ჩემია და ვუთმობ და არა იმას, რომ სამართლიანობა აღდგა. ასე რომ, აქ ბევრი ისეთი საკითხია, რომელზეც გარკვეული ჭკუის გამოჩენა გვმართებს.”

დეპუტატის განმარტებით, გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქეთში  გარკვეულმა ხალხმა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს და სიტუაცია დაძაბოს:

“ჩვენმა ზეიმმა გარკვეული ეჭვები და კითხვები არ უნდა გამოიწვიოს, თუმცა ისინიც აღიარებენ, რომ ეს ის თურქეთი არ არის. იქ თურქმენები არიან, არაბეთის საემიროა და ა.შ. ჩვენ ეს ავუხსენით და თქვეს, რომ ამის მიუხედავად არის ხალხი, რომლებმაც ეს თემა შეიძლება გამოყენონ და თავისთავად დაიძაბოს სიტუაცია. დავითის  დროს ოსმალეთის იმპერიაც არ არსებობს. ჩემთვის ეს ღიმილის მომგვრელია. მე კანონპროექტს უკან არ გამოვიტან, არ გავაჩერებ, მაგრამ პოლიტიკური გარემოებები რომ არ გავითვალისწინოთ, ესეც არ იქნება სწორი.”

 

წყარო: Netgazeti.ge

Share