Home » საზოგადოება » თურნავა – ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით

თურნავა – ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით

ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებზე, ან პირიქით – ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა, რომელზეც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ნათია თურნავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბელარუსის მთავრობას საქართველოს პორტებში ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.

„ჩვენ ბელარუსის მხარეს ვთავაზობთ, რომ ჩვენ პორტებში განიხილონ ერთობლივი სასაწყობო მეურნეობის, ტერმინალების, ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობის საკითხი, რასაც საკმაოდ დიდი ინტერესით განიხილავენ. ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენ სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 18 – 19 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

Share