Home » ეკონომიკა » თსუ-ს რექტორი დასაქმებული სტუდენტებისთვის შეღავათებს ითხოვს – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში

თსუ-ს რექტორი დასაქმებული სტუდენტებისთვის შეღავათებს ითხოვს – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, დასაქმებული სტუდენტებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვს. მან პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს.

„უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის სრულყოფის და ეფექტური ორგანიზების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა იმ სტუდენტების სასწავლო-სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვის შეზღუდულობა, რომლებიც დასაქმებული არიან სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა შუალედური და ფინალური გამოცდების მიმდინარეობისას იჩენს ხოლმე თავს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

გიორგი შარვაშიძე განმარტავს, რომ მიზანშეწონილია „შრომის კოდექსში“ იმ დასაქმებულთა ინტერესების გამომხატველი და უფლებების დამცველი ნორმების უფრო მკვეთრად ასახვა, რომლებიც შრომას სწავლას უთავსებენ.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლში, რომელიც შრომითი ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს, დამატებითი ჩანაწერი გაჩნდება.

კერძოდ, შრომითი ხელშეკრულებების არსებით პირობების ნაწილს დაემატება შეღავათები დასაქმებულებულისათვის, რომელიც პროფესიული სტუდენტი ან მსმენელია, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, აგრეთვე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი.

ამასთან, შრომითი ხელშეკრულების ნაწილში იქნება ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულ სტუდენს უჩენს ვალდებულებას,  შრომით ხელშეკრულებაში, ან შრომის შინაგანწესში ასახოს შეღავათები, რომლებიც დასაქმებულს ხელს შეუწყობს განათლების უფლების რეალიზაციაში.

დაუშვებელი იქნება დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც დასაქმებულს შეუზღუდავს განათლების უფლების სრულფასოვნად გამოყენების შესაძლებლობებს.

Share