Home » ფინანსები » „თიბისიმ“ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო

„თიბისიმ“ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო

„თიბისის“ პირველი მომხმარებელი უკვე უზბეკეთშიც ჰყავს. ბანკმა საბანკო ოპერაციების განხორციელება დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე „თიბისი“ უზბეკეთში ე.წ.Friends and Family რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც საბანკო ოპერაციების მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობისთვის შესრულებას გულისხმობს. მათივე ცნობით, ბანკი მიმდინარე წლის აგვისტოდან უკვე ყველა მსურველს მოემსახურება.

„თიბისის“ პირველი ფილიალი უზბეკეთში უკვე გაიხსნა. ციფრულ სერვისებზე ორიენტირებული სტრატეგიით, ბანკი მომხმარებელს ძირითადად ონლაინ პლატფორმის, SPACE-ის საშუალებით მოემსახურება. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ფილიალები კი მომხმარებლებთან ურთიერთობის და მათი საჭიროებების გადაწყვეტისთვის იქნება გამოყენებული.

„უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელების დაწყება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, როგორც „თიბისის“ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის, ისე ბანკის ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სტრატეგიის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, წვლილი შევიტანოთ უზბეკეთში საბანკო სექტორის განვითარებაში და უზბეკეთის მოსახლეობას მაღალი დონის თანამედროვე საბანკო სერვისები შევთავაზოთ“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პროექტის წარმატებით განხორციელება. 2010 წლის აპრილიდან საბანკო ლიცენზიის მიღების შემდეგ, დავაკმაყოფილეთ ყველა საოპერაციო და მარეგულირებელი მოთხოვნა და მზად ვართ, გადავიდეთ დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზე, ფართო საზოგადოებისთვის მომსახურების შეთავაზებას კი აგვისტოში ვგეგმავთ“, – განაცხადა უზბეკეთში „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა სანდრო რთველაძე.

„თიბისის“ ცნობით, წელს „თიბისი“ უზბეკეთში მომხმარებლებს (ფიზიკურ პირებს) შემდეგ სერვისებს და პროდუქტებს შესთავაზებს: მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები; ნაღდი ფულით და ხელფასით უზრუნველყოფილი სესხები; ბარათები, მობაილ ბანკინგი, ფულადი გადარიცხვები და ტრანზაქციები (მაგ., P2P ტრანზაქციები, კომუნალური გადახდები); სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალით მომსახურება.

Share