Home » საზოგადოება » თემურ ბასილია: ლარის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებია

თემურ ბასილია: ლარის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხებია

“ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია”, – ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია სოციალურ ქსელში წერს.

“კოვიდ-19-ის პრობლემების შესამსუბუქებლად მიღებული საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილის ბანკებისთვის მიცემა სერიოზული შეცდომა იქნება. ეს იმის გამეორება იქნება, რაც სააკაშვილის დროს გააკეთეს როდესაც ცხინვალის ავანტიურის შემდეგ გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების ნაწილი ბანკებს მისცეს. სინამდვილეში ეს არ არის ბანკების დახმარება, ეს არის ბანკების პრობლემების დროში გაწელვა და მათი კიდევ უფრო გაღრმავება. ეს პრობლემა სხვაგვარად შეიძლება მოწესრიგდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ ამისთვის არავინ არის მზად”, – აცხადებს ბასილია.

თემურ ბასილია ეხმაურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს. სფფ-მა ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევებზე და ამის გამო ფინანსური სტაბილურობის კუთხით შესაძლო საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება მის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

“ეს არის დიპლომატიურ ენაზე დაწერილი ტექსტი, რაზეც უკვე წლებია ვამახვილებ ყურადღებას: “ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევები, შესაძლოა, ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფა ფინანსური სტაბილურობის გარანტია.”

რომ განვმარტო რას ნიშნავს ეს: ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება და მანიპულაციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ლარის კურსის ხელოვნურად გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ეროვნული ბანკის ე.წ. რეფინანსირების სესხებია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბანკებს არა აქვთ ლიკვიდობა; ანუ, ბანკებს არა აქვთ მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული. რატომ არა აქვთ ბანკებს მიმდინარე ვალდებულებების დასაფარი ფული? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემას ყველა არიდებს თავს …”, – წერს თემურ ბასილია.

Share