Home » ეკონომიკა » თემურ ბასილია – კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა

თემურ ბასილია – კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა

„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა სფეროს.

 როგორც ბასილია აცხადებს, აღნიშნული საკითხით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი უნდა დაინტერესდეს, რადგან საკრედიტო/სადებეტო ბარათები მარეგულირებლის  კომპეტენციაა.ამასთან, ფულის გათეთრების სამსახურიც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია.

 „რა თქმა უნდა, არც ფინანსთა სამინისტრო უნდა იყოს განზე და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ წამყვანი მაინც ეროვნული ბანკი და ფულის გათეთრების სამსახური უნდა იყოს. ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა. ეს არის ინკოგნიტო ბარათების გამოყენების მიზანი. ამ დროს ფულს ათეთრებს კაზინოც და ის პიროვნებაც ვინც იყენებს ამ ინკოგნიტო ბარათს … იმ სახელმწიფო უწყებებმა, ვისაც ევალება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა (ერ. ბანკი, ფულის გათეთრების წინააღმდეგ სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო) უნდა უზრუნველყონ კანონის დაცვა“-აღნიშნავს ბასილია.

 მისი განცხადებით, აშშ-ში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამიტომაც, ამ ქვეყანაში ანგარიშსწორება და ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებული ოპერაციები მკაცრად რეგულირდება.

 როგორც ბასილია განმარტავს, რა თქმა უნდა, საკრედიტო ბარათების გამოშვების უფლება არა მხოლოდ ბანკებს, კერძო კომპანიებსაც აქვთ, მაგრამ ეს ექვემდებარება სახელმწიფოს მკაცრ კონტროლს. არავითარი ინკოგნიტო ბარათები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ფინანსური ანგარიშწორება, აშშ-ში  არ არის, მათ შორის არც კაზინოში.

„კაზინოში ფულით ვერ ითამაშებ: იქ არის სხვადასხვა ღირებულების სპეციალური ჟეტონები/მონეტები რომლებსაც ყიდულობ და მხოლოდ მისი მეშვეობით შეგიძლია თამაში. თუ მოიგებ, მოგებული მონეტები მიგაქვს სალაროში სადაც გადაგიცვლიან მას ნაღდ ფულში. რაც მთავარია, თუ მოგება აღემატება დაწესებულ თანხას, კაზინო ავტომატურად გიქვითავს მოგების 25%-ს, რომელსაც შენს სახელზე იხდის ფედერალურ ბიუჯეტში.ამის დასადასტურებლად კაზინო გაძლევს სპეციალურ ფორმას W2-G, რომლის ერთ ასლსაც უგზავნის საგადასახადო სამსახურს. წლის ბოლოს კი, პიროვნება ვალდებულია კაზინოში მიღებული მოგება ასახოს წლიურ დეკლარაციაში„-აცხადებს ბასილია.

 შეგახსენებთ, „კომერსანტი“  გუშინ წერდა, რომ სათამაშო ბიზნესი თავის წესებით თამაშობს და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც კომერციული ბანკების გვერდის ავლით საკუთარი ანგარიშის კონტროლი სურთ, გამოსავალს სთავაზობს.

 გამოსავალი კი ინკოგნიტო პლასტიკური ბარათებია, რომელიც სამორინეებმა შექმნეს. ექსპერტების მოსაზრებით, ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აქცევს ჭარბვალიანად, გაართულებს მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობის ანალიზს და გაზრდის საბანკო რისკებს.

commersant.ge

Share