Home » ახალი ამბები » „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კახა კალაძეს ოფიციალურად მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კახა კალაძეს ოფიციალურად მიმართავენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს.

როგორც „თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამაზ სოზაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ ჟესტით ხელისუფლება თემის წევრებს აჩვენებს, რომ მზად არის, მათ საჭიროებებზე იზრუნოს.

„ანძის განათება იქნება პირველ რიგში სოლიდარობის გამომხატველი და იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო ხედავს ლგბტ ადამიანებს, აღიარებს მათ არსებობას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურმა გუნდმა ერთად უნდა მიიღოს, კალაძე ერთპიროვნულად ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სოზაშვილმა.

მისივე თქმით, 17 მაისს სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ, მათ შორის აპირებენ, სახლის აივნებიდან და ოფისებიდან ლგბტ დროშები გადმოფინონ. ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას და ასე გამოხატონ მხარდაჭერა თემის წევრებისა და ზოგადად, თანასწორობის იდეის მიმართ.

„17 მაისს ვაპირებთ, სახლებიდან, აივნებიდან, ბარებიდან, ორგანიზაციებიდან, ოფისებიდან და ა.შ. გადმოვკიდოთ ლგბტ დროშები. ძალიან პოლიტიკური მნიშვნელობის არის თუნდაც ეს უბრალოდ დროშის გადმოფენაც კი, იმიტომ, რომ შარშან მაგალითად „თბილისი პრაიდის” პერიოდში ადამიანებმა, მხარდამჭერებმა დაიწყეს კამპანია და სახლიდან გადმოკიდეს დროშები და ძალადობრივმა ჯგუფებმა რამდენიმეს ჩამოახსნევინეს აივნებიდან, ზოგან საერთოდ პოლიციამ ჩამოახსნევინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთლიანი ქალაქი მაქსიმალურად გაფერადდეს 17 მაისს“, – აღნიშნა სოზაშვილმა.

როგორც ის აცხადებს, გარდა ამისა, 17 მაისს გაიმართება საპროტესტო ონლაინ აქცია-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, ოპოზიციის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, ასევე თემის წევრები და მხარდამჭერები.

Share