Home » ეკონომიკა » თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტმა 724 მლნ- ის შემოსავალი მიიღო

თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტმა 724 მლნ- ის შემოსავალი მიიღო

თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრის რეჟიმზე ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული.

მისი თქმით, გასულ წელს ეს საკანონმდებლო ხარვეზი გამოსწორდა და გამარტივდა ადმინისტრირება.

„თამბაქოზე აქციზის გადასახადით დაბეგვრის მანამდე არსებული სისტემა თამბაქოს უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს ერთი მხრივ, ამცირებდა ბიუჯეტის შემოსავლებს, მეორე მხრივ, არათანაბარ პირობებში აყენებდა მთელ სექტორს. აქციზით დაბეგვრა დამოკიდებული იყო შეფუთვის ოდენობაზე, რაც გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით გამოსწორდა. ასევე, განსხვავებული აქციზის განაკვეთი არსებობდა სიგარეტის სხვადასხვა სახეობაზე, რაც დიდ დანაკარგს გვაძლევდა აქციზის შემოსავლებში. აქციზის განაკვეთის გათანაბრებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრირების პროცესი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა სტატისტიკაც წარადგინა. მისი მონაცემებით, 2019 წელს გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა/ვაჭრობის 1500-ზე მეტი ფაქტი  და ამოღებულია 470 ათასზე მეტი კოლოფი სიგარეტი.

“ამ ღონისძიებებმა არსებითი შედეგი გამოიღო და გასულ წელს, მხოლოდ თამბაქოს პროდუქციიდან აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 724 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მიღწეული შედეგებით ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება და ეს ადასტურებს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორეს,“ – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Share