Home » საზოგადოება » ზურაბიშვილი – ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენია

ზურაბიშვილი – ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენია

ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.

„მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია – სიტყვა, რომელიც დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე მომავლის აშენებას ნიშნავს.

სწორად გააზრებული, გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ერის მომავალს. ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოს.

ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით – როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ახლახან, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, მოვინახულე ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სკოლა. იქ დამხვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა და იკვებებოდეს საზოგადოება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას.

Share