Home » ფინანსები » ზუგდიდის მერიამ 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთ ჩასხმაზე, 160 ლიტრი ჩაატია – აუდიტის ანგარიში

ზუგდიდის მერიამ 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთ ჩასხმაზე, 160 ლიტრი ჩაატია – აუდიტის ანგარიში

ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია. ეს ერთადერთი გარემოება არაა, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით ნაყიდი საწვავის სხვა მანქანაში გამოყენებაზე მიუთითებს და აუდიტის სამსახურმა 2017 და 2018 წლის მონაცემების შესწავლისას აღმოაჩინა.

ეს არ ყოფილა გამონაკლისი შემთხვევა, როცა მერიის თანამშრომლებმა მცირე მოცულობის ავზში გაცილებით მეტი საწვავი “ჩაასხეს”. მაგალითად, 2017 წლის ივნისში 58 ლიტრის მოცულობის ავზში 111 ლიტრი ჩაატიეს.

გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება. მონაცემების საილუსტრაციოდ ანგარიშს ცხრილიც ერთვის თან.

ფოტო: აუდიტის სამსახური

ამავე ცხრილით იკვეთება, რომ რამდენიმე წუთის ინტერვალით ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 63 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში 3,5-ჯერ მეტი (216,7 ლ) საწვავი ჩაასხა. მათ შორის ერთხელ ავზის მოცულობაზე მეტი.

“ცხრილში ასახული მონაცემები მიუთითებს, რომ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, “აგაი” სისტემის ჩიპი, სავარაუდოდ, მყარად არ იყო დამაგრებული და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვა ავტომანქანებშიც. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

on.ge

Share