Home » ახალი ამბები » ზოგი სიცხის დამწევ საშუალებას იღებს, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე – ამირან გამყრელიძე

ზოგი სიცხის დამწევ საშუალებას იღებს, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე საერთოდ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.

„მინდა გავავრცელო რამდენიმე მოწოდება და რეკომენდაცია. ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ თავი შეგვეკავებინა თუ აუცილებელი საჭიროება არ არის მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობას, ესენი იყვნენ: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია ძირითადად. დღეს მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას ზოგადად თავი ავარიდოთ მოგზაურობას, რადგან ევროპაშიც მაღალი გავრცელების მაჩვენებელია. მინდა მივმართო ადამიანებს, განსაკუთრებულად მათ ვინც ბრუნდებიან იტალიიდან, რომლებიც ძირითადად არიან საქართველოს მოქალაქეები, მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი: თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმი. ვისაც აქვს სიმპტომები ისინი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან რომ აქვთ სიმპტომები და წინასწარ იღებენ სიცხის დამწევ საშუალებებს, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით დროებით იმალება სიმპტომი. ვთხოვ ყველას, ვინც ბრუნდება საქართველოში ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე. ამით თქვენ ხელს უშლით შესაძლო ინფექციის შემდგომ გავრცელებას”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 24 ნიმუშია გაგზავნილი, რომელთა პასუხიც დღის განმავლობაში იქნება.

Share