Home » ბიზნესი » „ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება – ჩვენი საექსპორტო ბაზრები, ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან“

„ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება – ჩვენი საექსპორტო ბაზრები, ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან“

„ვირუსის გადავლის შემდეგ, საკმაოდ რთული დრო გველოდება,“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ზედაზენის“ დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. ჩოჩელი მხოლოდ საკუთარი კომპანიების მაგალითზე აცხადებს, რომ ექსპორტი დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია შემცირებული.

„მიდის კოორდინირებული მუშაობა და დღევანდელი გადასახედიდან არ მეგულება ბიზნესი, რომელსაც ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს. რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის გეგმას, ამ მიმართულებით ალბათ, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. ვფიქრობ, დღეს უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ რა არის პირველი რიგის ამოცანა – ეს იქნება ადგილობრივი წარმოების განვითარება, ადგილობრივი ტურიზმისთვის ხელის შეწყობა თუ ა.შ. იმის თქმა, რომ ვირუსი გადაივლის და მეორე-მესამე დღეს საქართველოში ტურისტების შემოდინება დაიწყება, არ იქნება სწორი, რადგან ეს ასე არ იქნება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა სამედიცინო დარგმა კარგი მაჩვენებელი აჩვენა და სიტუაციას კარგად უმკლავდება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში შედარებით მეტი იქნება ტურისტის შემოდინება, მაგრამ ეს არ იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანს.

ვფიქრობ, საკმაოდ რთული დრო გველოდება ვირუსის გადავლის შემდეგ, იმიტომ, რომ მთლიანად მსოფლიოში გაჩერებულია ეკონომიკა. ჩვენი საექსპორტო ბაზრები ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. მარტო ჩვენი კომპანიების მაგალითზე რომ ავიღოთ, ექსპორტი დაახლოებით 50%-ის ფარგლებშია შემცირებული. ამასთან, შემცირდება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხა, ქვეყანაში ბრუნდებიან ის ადამიანები, რომელთაც ასევე სჭირდებათ სამუშაო ადგილები, ამიტომ მთავრობისა და ბიზნესის ნომერ პირველი ამოცანა არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ.

ვერც ბიზნესი და ვერც ხელისუფლება დამოუკიდებლად ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ეს კრიზისი დავძლიოთ. ვირუსის გადავლის შემდეგ ისეთივე წარმატებით უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ წინ არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორც ამას ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ახერხებენ ავადმყოფოსთან მიმართებით,“- განაცხადა ჩოჩელმა.

BPN.GE

Share