Home » საზოგადოება » ვაშინგტონში ივანიშვილის მიერ IRI-ს და NDI-ს კრიტიკას პასუხობენ

ვაშინგტონში ივანიშვილის მიერ IRI-ს და NDI-ს კრიტიკას პასუხობენ

შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, კონგრესი და საერთაშორისო განვითარების სააგენტო აცხადებენ, რომ ენ-დი-აი (NDI) და აი-არ-აი (IRI) მსოფლიოს გარშემო და საქართველოშიც დემოკრატიულ განვითარებას უწყობს ხელს და რომ ამერიკის ადმინისტრაცია და კონგრესი მათ გვერდით დგას. ამერიკული მხარის განცხადებები, ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ ორგანიზაციების კრიტიკას მოჰყვა. “ტელე იმედის” ეთერში გადაცემა „სვოტ ანალიზში“ საუბრისას, ივანიშვილმა ამ ორგანიზაციებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მათ საქართველოში ნდობა არ აქვთ.

“წლობის განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია. საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა. ხშირად, ღიმილით ხვდებიან. პრობლემა ის კი არაა, რომ ამ რეიტინგების გვეშინია, ამ რეიტინგებს ნდობა აღარ აქვს, ასეთი უნდობლობის პირობებში, რომ ასე ჯიუტად ქვეყნდება… NDI იქნება თუ IRI, ამან შეიძლება სხვა დანიშნულება მიიღო, შეიძლება ვიღაც პოლიტიკოსებს უნდათ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ნახეთ, ამერიკული ორგანიზაციებს… ქართული ოცნება არ უყვართ და ისევ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარსო. შეიძლება უკვე იმდენად სანდო არაა ეს კვლევა, რომ უკვე ამაზე მიდის მუშაობა”, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა დასძინა, რომ შესაძლოა ღია წერილით მიმართოს ამერიკის პრეზიდენტსა და კონგრესს.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნათ, რა ხდება აქ, როგორ ხდება ის, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის ინტერესებს აზარალებენ“, – განაცხადა მან.

ორგანიზაციების კრიტიკას გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ელიოტ ენგელი. ენგელი კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა. კონგრესმენმა აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს უჭერს ამ ორგანიზაციების საქმიანობას და რომ მათ დემოკრატიულ განვთარებაში, მსოფლიოს გარშემო შეაქვთ წვლილი. ენგელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ორგანიზაციები, როგორც ოპოზიციასთან ასევე მთავრობასთანაც თანამშრომლობენ

„საქართველოში ჩვენ მთელს პოლიტიკურ სპექტრთან ვთანამშრომლობთ. მათ შორის, მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან… მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს საქართველოში, გააგრძელონ ისეთ ორგანიზაციებთან პარტნიორობა როგორიც “ენ-დი-აი” და “აი-არ-აია”, რათა ხელი შეუწყონ ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული, სუვერენული და წარმატებული მომავლისკენ“, – აღნიშნა მან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის კვლევა მაღალი სტანდარტისაა და რომ ეს ინსტიტუტისთვის რეპუტაციის საკითხია.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი მონაცემების სისწორესა და ნამდვილობაში და ეს ჩვენი რეპუტაციის საკითხიცაა. ამას უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკეთებთ. ჩვენ ობიექტურები ვართ, არავის მხარეს არ ვიჭერთ, მონაცემები ყველასთვისაა“,- აღნიშნა ნიქსმა.

ივანიშვილის კრიტიკას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენ ტვაინინგიც გამოეხმაურა. ტვაინინგმა განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში IRI და NDI-ის განტევების ვაცად ავტორიტარული მთავრობები იყენებენ.

„მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული… საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები… ისეთი ჯგუფები, როგორიცაა IRI, NDI, NED და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა… ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს“,- განაცხადა მან.

ტვაინინგის კომენტარს გამოეხმაურა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. “საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები არის ძალიან ფასეული, ძალიან მტკიცე და რომელიმე ცალკეული ადამიანი ან ცალკეული სუბიექტური ინტერესი, რა თქმა უნდა, ვერ მიაყენებს ჩრდილს და ვერ შეასუსტებს, ვერ შეცვლის უბრალოდ ამ ურთიერთობას – აი, ეს იყო მისი გზავნილი და მე ვფიქრობ, ეს სწორედ ასე უნდა იყოს გაგებული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს ორი ორგანიზაცია დაფინანსების უმეტეს ნაწილის ამერიკის მთავრობისგან იღებს.

amerikiskhma.com

Share