Home » საზოგადოება » „ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას“

„ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას“

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობაზე, გამოწვევ მიზეზებზე, არაპროგნოზირებადობასა და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებზე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა „ბანკები და ფინანსებთან“  საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო, იზრდება მისი ღირებულება და შედეგად, ეროვნული ვალუტაც უფასურდება.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას. 

„როგორც მეტწილ შემთხვევებში საქართველოში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოწვეულია ქვეყნიდან კაპიტალის გადინებით და ამ პროცესს ვერ ერევა ჩვენი კომერციული ბანკების მწირი სავალუტო რეზერვები. შესაბამისად, იქმნება დაძაბულობა სავალუტო ბაზარზე, უფრო ზუსტად „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე და უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო იზრდება მისი ღირებულება და შესაბამისად, ვარდება ლარის კურსი.

ამ პროცესებს ეროვნული ბანკი ფაქტობრივად არ არეგულირებს,  ვერ არეგულირებს. მის ხელთ არსებული რეგულირების ერთადერთი ინსტრუმენტი ახლა არის სავალუტო ინტერვენციები. რეზერვები მეტწილად გადატანილია საზღვარგარეთ და დაბანდებულია გაურკვეველ ფასიან ქაღალდებში. ამ სავალუტო ინტერვენციების ინსტრუმენტს ეროვნული ბანკი ნაკლებად იყენებს, იმიტომ რომ რეალურად ცოტა ფული აქვს ხელთ.

მეორე ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეუძლია, ეს არის სავალუტო კონტროლი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ასევე არ იყენებს. შესაბამისად, მას მიშვებული აქვს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.

არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება ლარის კურსი. მნიშვნელობა აქვს ერთ რამეს – ის უნდა იყოს სტაბილური. იყოს 1/3-თან, 1/5-თან, 1/10-თან, მაგრამ ის წლების განმავლობაში არ უნდა იცვლებოდეს. სწორედ ეს აძლევს ეკონომიკას სტაბილურობის შეგრძნებას და მისი განვითარების სამომავლო ხედვებს“, – აცხადებს ელიავა.

ელიავა ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ორ ძირითადად მიზეზს გამოჰყოფს.

„ხაზი მინდა გავუსვა ორ გარემოებას. პირველი, ეს არის სავალუტო შემოდინებები და მეორე, – სავალუტო გადამცვლელი ჯიხურების დახურვა.

ვიცით, რომ სავალუტო შემოდინებები მკვეთრადაა შეზღუდული როგორც გადარიცხვებიდან, ასევე ექსპორტიდან, ასევე ინვესტიციებიდან და სხვა წყაროებიდან. შესაბამისად, ეს ქმნის სავალუტო „შიმშილს“ კომერციულ ბანკებში. ეს ჯერ კარგად არ იგრძნობა, რადგან ერთობლივი მოთხოვნა არის შემცირებული, მათ შორის იმპორტზე და ჯერჯერობით დატვირთვა სავალუტო სახსრებზე არ არის იმდენად გამოკვეთილი. თუმცა, თანდათანობით ეკონომიკა რომ ამუშავდება, ეს სავალუტო „შიმშილი“ იქნება განსაკუთრებით მწვავე.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურების დახურვას, ეს ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ სავალუტო ნაკადები გადამისამართდეს კომერციულ ბანკებში, რომლებიც ახლა განიცდის გარკვეულ სავალუტო დეფიციტს“, – აღნიშნავს ელიავა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის პროგნოზირებას, ელიავას განცხადებით, ეს ძალიან რთული და ამავდროულად უმადური საქმეა, თუმცა მისი თქმით, ეროვნული ბანკი როგორც წინა პერიოდებში, არ გაითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნილებებს და არ მოახდენს ზეგავლენას ლარის კურსის სტაბილიზაციაზე.

„პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით სავალუტო სფეროში არის ძალიან რთული და ამავდროულად უმადური საქმე. თუმცა, ზოგადი ტენდენციები უკვე გამოკვეთილია. როგორც ჩანს, წინა პერიოდების მსგავსად, ეროვნული ბანკი არც ახლა  გაითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნილებებს და არ მოახდენს ზეგავლენას ლარის კურსის სტაბილიზაციაზე. შესაბამისად, ძალიან რთული დღეები გველოდება“, – აღნიშნავს ლია ელიავა.

Share