Home » ბიზნესი » ეროვნული ბანკი მხოლოდ იმაზე ფიქრობს შეცდომა არ დაუშვას და ამის შიშით ფაქტიურად უმოქმედოდაა – აიეტი კუკავა

ეროვნული ბანკი მხოლოდ იმაზე ფიქრობს შეცდომა არ დაუშვას და ამის შიშით ფაქტიურად უმოქმედოდაა – აიეტი კუკავა

COVID-19-ის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაშია და ეს ყველაზე მძიმედ განვითარებად ეკონომიკებზე, მათ შორის საქართველოზე აისახება. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა თითქმის ყველა სექტორი.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პრიორიტეტულ სექტორებად ტურიზმი და სოფლის მეურნეობა დასახელდა, შესაბამისად, მათი ხელშეწყობისთვის არა ერთი შეღავათი დაწესდა.

„სალიზინგო კომპანიების ასოციაციის“ თავმჯდომარე და „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტი კუკავა „კომერსანტთან“ პანდემიის პირობებში სხვადასხვა სექტორის ხელშეწყობისთვის ლიზინგის სფეროს აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს ლიზინგის განვითარების მნიშვნელობა, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ტურიზმში. საქართველოში ფინანსური ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებელია, ამ სიტუაციაში კი ლიზინგის არსებობა აუცილებელია.

„მსგავსი გლობალური კრიზისის დროს ჩვენი ეკონომიკისთვის საშიშროება ის არის, რომ მაკროეკონომიკური რყევები აუცილებლად უარყოფით გავლენას ახდენს ბანკებზე, შესაბამისად, ისინი ვერ დაეხმარებიან მათ უკან მდგომ შვილობილ ან დაკავშირებულ კომპანიებს სამშენებლო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და სხვა დარგებში. ვინაიდან ამ კომპანიების ძირითადი უპირატესობა თავიანთ დარგში არის ის, რომ ისინი საკუთარი ბანკების მიერ ფინანსდებიან.

შესაბამისად, კრიზისი ჩაითრევს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს დაწყებული ბანკებიდან გაგრძელებული მათი შვილობილი კომპანიებით. ეს კი ეკონომიკის დღევანდელი ნაკლებ დივერსიფიცირებულობის პირობებში სერიოზულ კოლაფსს გამოიწვევს.

დღეს ეროვნულ ბანკზე გავლენა გარკვეულ საბანკო ჯგუფებს აქვთ, შედეგად  მხოლოდ ეს საბანკო ჯგუფები ღებულობენ სარგებელს დანარჩენი ეკონომიკის ხარჯზე. ეკონომიკა რადგან  დივერსიფიცირებული არ გვაქვს, მეორეს მხრივ ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც ნელა იზრდება, რაც აისახება მთელი ეკონომიკისა და ქვეყნის მიერ გარე მოზიდულ ფონდების და ინვესტიციებში მაღალ სარგებლის განაკვეთებში. შესაბამისად, ეს პირდაპირ აისახება ასეულობით მილიონით ზედმეტად გადახდილ ფინანსური ხარჯში.

სოფლის მეურნეობის განვითარებაში ლიზინგს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, თავისთავად სოფლის მეურნეობის განვითარება კი აგრო ტურიზმს განავითარებს და ტურიზმის დარგს უფრო მომგებიანს გახდის ქვეყნისათვის“, – განმარტავს აიეტ კუკავა.

ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ წლებია ეროვნული ბანკი ეკონომიკის მთავარი მრჩეველის როლში გამოდის, ცდილობს ნაკლები რისკი აიღოს და ყველა ის დარგი რაც არ ესმის ან არაკომფორტულად მიაჩნია შეზღუდოს, მათ შორის სალიზინგო საქმიანობა.

„უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მხოლოდ ეროვნული ბანკის პოზიციას უსმენენ და არა დარგის პროფესიონალებს. მით უმეტეს ლიზინგის დარგში, სადაც ეროვნულ ბანკს, რბილად რომ ვთქვათ, ამ სფეროს შესახებ წარმოდგენა არა აქვს.

წლებია ეროვნული ბანკი გამოდის ეკონომიკის მთავარი მრჩეველის როლში, ცდილობს ნაკლები რისკი აიღოს და ყველა ის დარგი,რაც არ ესმის ან არაკომფორტულად მიაჩნია, შეზღუდოს.

ეროვნულმა ბანკმა თავის დროზე ყველა ის დარგი, რაც არ აინტერესებდა დაასუსტა, მაგალითისთვის ავიღოთ კაპიტალური ბაზარი, რომლის ზედამხედველობის როლის აღების შემდეგ 2008 წელს ბირჟის, ბროკერების და მასთან დაკავშირებული საქმიანობის აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

იგივე ხდება ლიზინგის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საინვესტიციო ფონდების, ვენჩურული კაპიტალის კუთხით, როდესაც კანონმდებლობის განხილვაა და გვიწვევენ, როცა იქ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არიან, ყველა წამყვანმა ბიზნესმა იცის, რომ ამ შემთხვევაში საქმე არ გაკეთდება.

ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ეროვნულ ბანკს უსმენს, ის წინ ვერ წავა, რადგან ეკონომიკური პოლიტიკა ვიწრო საბანკო-კომერციული აზროვნების იქნება. ეროვნული ბანკი კი თავის მხრივ, პატარა ინტერვენციებს აკეთებს, ისიც იმდენად  უმნიშვნელოს, რომ მხოლოდ იმაზე ფიქრობს რამე არ გააფუჭოს, შეცდომა არ დაუშვას და ამის შიშით ფაქტიურად უმოქმედოდ არიან“, – აცხადებს აიეტ კუკავა.

წყარო: commersant.ge

Share