Home » საზოგადოება » „ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“

„ეროვნული ბანკის ნაბიჯები კომერციულ ბანკებს კაბალური ოპერაციები წარმოების საშუალებას აძლევს“

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ფინანსისტი ექსკლუზიურად „კომერსანტთან პოსტ-პანდემიურ პერიოდში მსოფლიოს ეკონომიკური პოტენციალის გადანაწილებაზე საუბრობს. ფინანსისტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა გლობალურ საინვესტიციო ბანკებში (Citigroup, Bank of America, Merrill Lynch, BCS Global Investment Bank) მედიაჰოლდინგს უყვება, თუ პორტ-პანდემიის პერიოდში რა მაკროეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. კახა ჩარგეიშვილი ხშირად აკეთებს კომენტარს CNN-ზე და მსოფლიოს სხვა წამყვან ტელევიზიებში.


როგორც ჩარგეიშვილი აცხადებს, პოსტ-პანდემიური პერიოდის გლობალური ეკონომიკური სისტემის მოდელირება უკვე დაიწყო, ეს მაშინ როცა მსოფლიოს ბევრი რეგიონი ებრძვის რეკორდულ ეკონომიკის შენელების ტემპსა და უმუშევრობის დონეს. შედეგად, აუცილებლად გასათვალისწინებელია რამოდენიმე პროცესი, მათ შორის:

1.ფინანსური აქტივების ფასები განიცდიან ანომალიურ დისლოკაციას. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ ნავთობის ფასი ერთ ბარელზე – 37$ გახდა, ანუ ფასი იყო ნეგატიური. ნეგატიური ფასები თავისებური ეკონომიკური ფენომენია, მაგრამ ფინანსური ინსტრუმენტების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყნისთვის მომგებიანი სტრატეგიული პოზიციის დაკავება. ანალოგიური ტენდენციები ახლა მიმდინარეობს საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციურ და სავალუტო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეს ინსტრუმენტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სამართავად, მაგრამ საქართველოში არავინ საუბრობს შესაბამის სწორ სტრატეგიაზე.


2. ამერიკის ცენტრალური ბანკის მმართველობამ პანდემიასთან საბრძოლველად რიგი ღონისძიებები გაატარა. ჩარგეიშვილის განცხადებით, საგანგებო კანონის საშუალებით მობილიზდა 2 ტრილიონი დოლარი. ამას მოჰყვა უფრო მძლავრი განცხადება იმაზე, რომ „ულიმიტო“ დაფინანსება შეეხებოდა კაპიტალური ბაზრის ყველა აქტივს. მსგავსი ნაბიჯები გადადგა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც. ანალოგიური მონეტარული პოლიტიკა გატარდა 2007-09 ფინანსური კრიზისის შემდეგ, როცა მოხდა კაპიტალური ბაზრების მიერ ეკონომიკის მძლავრი დაფინანსება. ასეთი ფინანსირების არარსებობა ეკონომიკის ზრდის მთავარი შემაფერხებელია ფაქტორია.


3. ახალ რეალობაში, მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება ხდება იმ ქვეყნებში სადაც ტექნოლოგიური პლატფორმები გამოიყენება კაპიტალურ ბაზრებში ინტეგრაციისთვის. კორონავირუსის შემდგომ პერიოდში, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ამ გლობალური პროცესების გავითვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება არსებული პოტენციალის შემცირება.


როგორც ფინანსისტი აცხადებს, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ამოვარდნილია კონტექსტიდან და აჩვენებს ტოტალურ უცოდინრობას, რაც კომერციულ ბანკებს აძლევს საშუალებას აწარმოოს კაბალური ოპერაციები. „ეს არის საკმაოდ ვრცელი თემა რომელზეც ბევრჯერ მისაუბრია ქართულ მედია სივრცეში მაგრამ რომ მოვახდინოთ საქართველოს მოქალაქეების რეალური შემოსავლის დონის ზრდა (რაც არის ყველაზე მთავარი ეკონომიკური ამოცანა) აუცილებელია:

1) საბანკო ინფრასტრუქტურის მსოფლიო კაპიტალურ ბაზრებში ინტეგრირების პროცესის დაწყება; 2) ფინანსური ინსტრუმენტების სკოლის შექმნა, რაც მოგვცემს შესაძლებლობას აქტივების (მათ შორის ლარის) ფასი განვსაზღვროთ საბაზრო ოპერაციების მეშვეობით; 3) უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება, რადგან არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს სტაბილური დაგეგმარების შესაძლებლობას ბაზრის მონაწილეებისთვის“.

commersant.ge

Share