Home » ფინანსები » ეროვნული ბანკის ახალი პროგრამის თანახმად, კომერციული ბანკები სებ-ში ბიზნეს სესხებს დააგირავებენ

ეროვნული ბანკის ახალი პროგრამის თანახმად, კომერციული ბანკები სებ-ში ბიზნეს სესხებს დააგირავებენ

პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, შეუფერხებლად გააგრძელონ კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დაკრედიტება და ამასთან, ლიკვიდობის რისკების გამო არ გაძვირდეს სასესხო რესურსები.

„ამის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ნაღდი და უნაღდო ლიკვიდობა მიაწოდა როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. აღნიშნული განხორციელდა როგორც არსებული ინსტრუმენტებით, ისე მოკლე ვადებში დამატებით შემოღებული სვოპის ინსტრუმენტით.

ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, გამოიკვეთა დამატებითი ზომების მიღების მიზანშეწონილობა. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე და მომატებული რისკების პირობებში, ბანკები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ამ სიტუაციაში საკრედიტო და შესაბამისად, ბიზნეს აქტივობის შესანარჩუნებლად, მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები ამოქმედდება. ამ პროცესის გამართულად წარმართვას საფინანსო სისტემის ლიკვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, ვინაიდან დროებით გაზრდილი რისკების ფონზე, ბიზნესის დაკრედიტების პროცესის გასაგრძელებლად, ბაზარზე ლიკვიდობის საკმარისი დონის შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ფუნქციაა.

ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა კი, არალიკვიდური აქტივების გირაოს სანაცვლოდ ლიკვიდური სახსრების მიწოდებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი პირველი ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტს აამოქმედებს, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება. პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლიკვიდობის მხარდაჭერა მიიღონ.

მეორე ინსტრუმენტი კი, მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის იქნება, რომლებიც, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსის მოზიდვას შეძლებენ. ლიკვიდობის მართვის ახალი მექანიზმი 2023 წლის ბოლომდე (2022 წლიდან შემცირებადი გრაფიკით), ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს, ხოლო ფასს TIBR1M ერთთვიანი ინდექსი განსაზღვრავს.

ახალი მექანიზმი, უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, უზრუნველყოფს ლიკვიდობის რისკების შემცირებასა და კრედიტუნარიანი მსესხებლებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ მიწოდებას. ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კრიზისამდელ ტრაექტორიაზე დაბრუნებას“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

Share