Home » ბიზნესი » ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

„აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ დღეს ინდუსტრიული ჰოლდინგი „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახაბერ გულედანი ჟურნალისტებს შეხვდა და მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

კახაბერ გულედანის განცხადებით, COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოხდა ლოჯისტიკური შეფერხებები.

„გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო დაგვიანდა საწარმოო ხაზის მოწოდება, ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ქარხნის მშენებლობისთვის და ასევე, ტექნოლოგიური სიმძლავრეების გამართვისთვის ჩინეთიდან ქუთაისში უნდა ჩამოსულიყვნენ ინჟინრები, ასევე, მივლინებით ჩინეთში საჭირო გადამზადებისთვის უნდა გაგვეგზავნა ადგილობრივი კადრები.

ეს მოქმედებები 2020 წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა დაგეგმილი, თუმცა დღევანდელ დღემდე შეჩერებულია მიმოსვლა. იმედს ვიტოვებ, არსებული ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას, განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. დღეს ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი მხრივ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა, მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, – განაცხადა კახაბერ გულედანმა.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

გეგმის მიხედვით, პირველი პროექტი ელექტრომობილების ქარხანაა და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილი გამოვა.

პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 5 წელიწადში კი საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

აღინიშნა, რომ ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

„ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა“, – აცხადებენ კომპანიაში.

Share