Home » ეკონომიკა » ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ონლაინ გახდა შესაძლებელი

ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ონლაინ გახდა შესაძლებელი

ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონულ სერვისებს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები დაემატა.  პორტალზე www.my.gov.ge  მეწარმეებს უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაცხადების გაკეთება ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირების, ვადის გაგრძელების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უწყება  ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. სავალდებულო სარეგისტრაციო საქმიანობის კატეორიაში შედის: სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას; ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან;  ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების საქმიანობა, სადაც ხორციელდება ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები;  „შრომის უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული საქმიანობები.

სააგენტოს ინფორმაციით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობების დეტალური ჩამონათვალი, ასევე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სრული ვერსია my.gov.ge პორტალზევე არის განთავსებული, ელექტრონულ საძიებო სისტემაშია ჩაშენებული და მომხმარებელს განცხადების შევსებას უმარტივებს.

ეკონომიკური საქმიანობის რეესტრის მომსახურების მისაღებად პორტალზე ავტორიზაცია და ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა საჭირო.

Share