Home » ეკონომიკა » „ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“

„ეკონომიკაზე ვირუსის უარყოფითი გავლენა თუ გაღრმავდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“

„ეკონომიკური კავშირები ძლიერდება და საქართველო უკვე განიხილება, როგორც რეგიონალური ჰაბი“

კორონავირუსი, გლობალური ეკონომიკა და საქართველო. ერთი მხრივ ვირუსისგან გამოწვეული ზიანი და მეორე მხრივ მისი მავნე ზემოქმედება ეკონომიკაზე.როგორი იქნება ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები და რა ზეგავლენას მოხადეს ვირუსი საქართველოს ეკონომიკაზე, თემაზე „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა.

– კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების განვითარების სამი სცენა არსებობს. თქვენ რომელ მათგანს ვარაუდობთ, რა შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს სამომავლოდ მოვლენები მოსფლიო ეკონომიკასა და საქართველოში?

– რა ინფორმაციაც მოდის ჩინეთიდან, იქ მოხდა ვირუსის შეჩერება და ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო. განახლდა შეკვეთების მიღება და ეს პროცესი გრძელდება. თუ საქართველოს შემთხვევაშიც ეს სცენარი განვიხილეთ, გვექნება რთული მარტი-აპრილის პერიოდი და შემდეგ ჩვენც უნდა ველოდოთ ტურიზმის გამოცოცხლებას. შესაბამისად, ეკონომიკა დაჩქარდება.

– ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებაზე, იგივე ფისკალური ბერკეტების გამოყენებაზე, საგადასახადო შეღავათებზე, გადასახადების გადავადებაზე და სხვა. კიდევ რა ფისკალური ბერკეტების ამოქმედებაა შესაძლებელი ეკონომიკის მხარდაჭერის გასაძლიერებლად?

– თუ განგრძობითი ხასიათი ექნა ამ ვირუსს და შესაბამისად ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა გაღრმავდა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფისკალური სტიმული ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ამ ეტაპზე, რა პარამეტრებიც არის დაგეგმილი, ბიუჯეტის დეფიციტი არის მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტზე დაბლა, სახელმწიფოს ანუ მთავრობის ვალი მშპ-ს 40 პროცენტია. თუ ნეგატიური სცენარი განვითარდა, გადასახადები დაგვაკლდა და ა.შ. და თუ დამატებითი სესხის აღებაც დაგვჭირდა, ვფიქრობთ, რომ ამჟამინდელი პარამეტრები ისეთ დონეზეა, რომ მნიშვნელოვნად არ გაუარესდება. ფისკალური სივრცე არის იმისთვის, რომ მთავრობამ დამატებითი ვალი აიღოს და ეკონომიკას დაეხმაროს. ამ ნეგატიური სცენარის დროს მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საგარეო დაფინანსება, რადგან ეს ლარსაც ეხმარება და ჩვენ უცხოურ რეზერვებსაც ზრდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით რასაც ვუყურებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს გამოყოფილი თანხები, მსოფლიო ბანკსაც აქვს გამოყოფილი თანხები და იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ტურიზმზე დამოკიდებული, ამ შემთხვევაში უპირატესობა აქვთ, რომ ეს სახსრები შედარებით ადვილად მოიძიონ და ეს საკითხიც უნდა განიხილებოდეს ჩვენთან.

– კორონავირუსის გადავლის შემდგომ, როგორ გგონიათ, რამდენად შეიძლება შეიცვალოს საქართველოს როლი გლობალურ ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვში, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა ჰქვია?

– ზოგადად რომ შევხედოთ, ამ კუთხით პროგრესი გვაქვს. იგივე იმ კუთხით, თუ რამდენ მომხმარებელს შეგვიძლია ჩვენ მივწვდეთ, ვგულისხმობ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, 2.5 მილიარდიანი ბაზარი გვაქვს ღია. ასევე, რომ შევხედოთ სამუშაო ძალის ხელფასს, ელექტროენერგიის ფასს, ბიუროკრატიის დონეს, კორუფციის დონეს, რეგიონში ამ მიმარულებით ცალსახად გამოვირჩევით. ბიზნესის კეთების რეიტინგში ისევ ტოპ ათეულში ვართ. თუმცა, ეს ყველაფერი კარგად არ გვაქვს ამ ეტაპზე გამოყენებული. რა თქმა უნდა, ამ კუთხით არის პროგრესი. ის რომ ექსპორტის ახალი კატეგორიები გაჩნდა – წამლების რეექსპორტი, სპილენძის რეექსპორტი და ა.შ. ეს იმას მიუთითებს, რომ ეკონომიკური კავშირები ძლიერდება და საქართველო უკვე ნელ-ნელა განიხილება, როგორც რეგიონალური ჰაბი. მომავალში, ამ პროცესებმა, ის რაც გვაქვს და რაც უკვე ჩამოვთვალე, კიდევ უფრო შეიძლება მისცეს ბიძგი ინვესტორებს და მათ შეიძლება განიხილონ საქართველო ადგილად, სადაც შეიძლება თავიანთი ბიზნესი აწარმოონ.

სანდრო პირველი

Share