Home » საზოგადოება » ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ინტერვიუ ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარესთან მანტას მარტისიუსთან

ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.

რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის სიახლე არ არის. პროპაგანდის ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა ლიეტუვას პოლიტიკური დღის წესრიგის  პრიორიტეტია. სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, მსოფლიოს საქმე აქვს სოციალური მედიის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებთან. საუბარი შეეხო საკითხებს, თუ რა ზომებს იღებს ლიეტუვა დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად; რა მიდგომებს იყენებს ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ.

ბატონმა მანტას მარტისიუსმა აღნიშნა, რომ დღეს ევროპაში არის ორი პრობლემა, ტექნოლოგიური და იურიდიული. ევროკავშირში ძირითადი სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ისეთი დეზინფორმაციის შესაკავებლად, რაც წარმოადგენს სიძულვილის ენას ან ძალადობის წახალისებას, მაგრამ არ არსებობს მექანიზმები პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ,  შესაძლებელია „ფეიქ-ნიუსების“ გავრცელება ისე, რომ ამაზე ავტორებს პასუხი არ მოეთხოვებათ.

ნინი შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ სოციალურ მედიასთან მიმართებაში ევროპა მარეგულირებელი ვარიანტების ლაბორატორიას წარმოადგენს. კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირის მიერ მიღებული „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქმედებათა  კოდექსი“ ეფექტიანი „ ფეიქ ნიუსებთან“ შესაბრძოლებლად, მანტას მარტისიუსმა უპასუხა, რომ არა. მაგრამ ევროპას აქვს პოლიტიკური ნება „ფეიქ-ნიუსების“ დასამარცხებლად, შესაბამისად, ბატონი მარტისიუსი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ასეთი გზა გამოჩნდება. გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, თუკი არ იარსებებდა პოლიტიკური ნება.

მარტისიუსმა აღნიშნა: „ევროკავშირში, ისევ როგორც ლიეტუვასა და სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს სოციალური მედია და საჭიროა კარგი ბალანსის პოვნა სიძულვილის ენასთან შესაბრძოლებლად და სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად, რათა სოციალურ მედიას არ შევუწყვიტოთ ჟანგბადი და არ მოვახრჩოთ ის. ბალანსის პოვნა კი ყველაზე რთული საკითხია.“

მარტისიუსი შეეხო სოციალურ მედიაში პოლიტიკური რეკლამის საკითხს და ტრადიციულ მედიებსა და სოციალურ მედიას შორის არსებულ დისბალანსს, როგორც  რეკლამიდან მიღებული შემოსავლის, ასევე  პასუხისმგებლობის კუთხით. მან აღნიშნა, რომ საჭიროა ამ მხრივ მაგ. „ნიუ-იორკ თაიმსის“ და „ფეისბუქის“ ერთნაირ პირობებში ჩაყენება.

Share