Home » ბიზნესი » დემპინგის ტიპიური მაგალითი – როგორ გააქრო ,,საქართველოს ბანკმა“ კონკურენტები ბაზრიდან
დემპინგის ტიპიური მაგალითი - როგორ გააქრო ,,საქართველოს ბანკმა“ კონკურენტები ბაზრიდან

დემპინგის ტიპიური მაგალითი – როგორ გააქრო ,,საქართველოს ბანკმა“ კონკურენტები ბაზრიდან

უფასო სწრაფი ჩარიცხვის მომსახურების დრო დასრულდა. “საქართველოს ბანკმა” პოლიტიკა შეცვალა და ბაზრიდან კონკურენტების მაქსიმალურად შევიწროების შემდეგ, საკომისიოს ყველა მომსახურებაზე აწესებს.

“საქართველოს ბანკის” სწრაფი გადახდის აპარატიდან მობილური სატელეფონო ბალანსის შევსება ფასიანი გახდა. როგორც ბანკში აცხადებენ, გადახდისას მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი ბაზარზე არსებულის შესაბამისი იქნება.

ამ დრომდე სხვა კომპანიების სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე მობილური ბალანსის შევსების საკომისიო 4% იყო. “საქართველოს ბანკში” განმარტავენ, რომ უფასო მხოლოდ ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით განხორციელებული ოპერაცია იქნება.

არადა, 3 წლის წინ, როდესაც სხვა კომპანიებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე 4%-იანი საკომისიო დააწესეს, “საქართველოს ბანკმა” მომხმარებლის მოზიდვის მიზნით, განსხვავებული სტრატეგია აირჩია და მომსახურების საკომისიოს ხარჯი თავად დაფარა. მაშინვე ბანკის ასეთი გადაწყვეტილება კონკურენტების მხრიდან, არაკეთილსინდისიერ ნაბიჯად შეფასდა. საბოლოოდ კი ბაზარზე მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია – OSMP გააკოტრა.

გარდა ამისა, ოქტომბრიდან საკომისიო დაწესდა კომუნალურ გადასახადებზე. ზოგიერთი ტიპის შენატანზე “ექსპრეს ფეიც” აწესებდა გადასახადს (მაგალითად, წყლისა და გაზის გადასახადის მომსახურებაზე), თუმცა ძირითადი კომუნალური სერვისი აქამდე უფასო იყო. ახლა კი “საქართველოს ბანკის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით სარგებლობაც ფასიანი იქნება.

ადგილობრივ ბაზარზე სწრაფი გადარიცხვის აპარატები ოთხ კომპანიას “ნოვა ტექნოლოჯის”, OSPM-ს, “ექსპრესს ფეის” და “თიბისი ფეის” აქვს. კომპანიების ინფორმაციით, ყოველდღიურად საქართველოში 10 000-ზე მეტი ტერმინალის მეშვეობით 60 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

სწრაფი გადახდის აპარატების ინტერესებს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი იცავს, რომელიც ამბობს, რომ სიტუაციის ასეთი სცენარით განვითარება მოსალოდნელი იყო და ამაზე ორი წლის წინ საუბრობდა. “საქართველოს ბანკის” მიზანი იყო კონკურენტები გაექრო ბაზრიდან და ასეც მოხდა.

ჩარგეიშვილი ამბობს, რომ კომპანიებთან ერთად პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს. მოაწყვეს მსვლელობა და საკითხზე ეროვნულ ბანკისგან რეაგირებას ითხოვდნენ.

“დღეს ძნელად წარმოსადგენია ამ სფეროში ვინმემ დაიწყოს ბიზნესი და გააგრძელოს, რადგან მას სრულად ბანკები აკონტროლებენ. თავის დროზეც, “საქართველოს ბანკის” განცხადება 0%-იანი საკომისიოს დაწესების შესახებ იყო ტყუილი. ეროვნულ ბანკს არ უნდა მიეცა საშუალება ბანკებისთვის არაპროფილურ ბიზნესში შესულიყვნენ, თუმცა გადაწყვეტილება მიიღეს არა ბიზნესის, არამედ ბანკების სასარგებლოდ. დღეს, როდესაც მომხმარებელი მიეჩვია 0%-იან ტარიფს, აპარატებთან მისვლისას მიიღებს საკომისიოს და ეს ისედაც მოსალოდნელი იყო”, – აცხადებს ჩარგეიშვილი.

“საქართველოს ბანკში” კი აცხადებენ, რომ “ექსპრეს ფეის” თვითმომსახურების აპარატებით, გადახდისას მომსახურებაზე დაწესებული საკომისიო არის ბაზარზე არსებული ტარიფების შესაბამისი. თვითმომსახურების აპარატით საკომისიოს გადახდის შესახებ, “საქართველოს ბანკმა”, მომხმარებლის ინფორმირება, ერთი თვით ადრე დაიწყო. აღსანიშნავია, ისიც, რომ “საქართველოს ბანკის” ნებისმიერი პლასტიკური ბარათით მობილური ბალანსის შევსება არის უფასო”.

სპეციალისტები დიდი ხანია მიუთითებენ, რომ საქართველოში კომერციული ბანკები არაპროფილურ ბიზნესებს სხვადასხვა მიმართულებით ფლობენ. აქ საჭიროა ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც, სამწუხაროდ, არ ხორციელდება.

მერაბ მაისურაძე

Share