Home » ბიზნესი » დეველოპერული კომპანია „რედკო“ ციხისძირში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს Bamboo Beach Resort-ს აშენებს

დეველოპერული კომპანია „რედკო“ ციხისძირში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს Bamboo Beach Resort-ს აშენებს

Bamboo Beach Resort-ი დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ახალი პროექტია, რომლის მშენებლობაც ოფიციალურად მაისის ბოლოს დაიწყება. კომპანია ციხისძირის ახალი დასასვენებელი და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას ბათუმიდან 20 კილომეტრში, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში პეტრას ციხის მიმდებარედ იწყებს. საოჯახო ტიპის კურორტის პროექტი, საპროექტო კომპანია Green Design Society-მა შეადგინა. 

სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსში  გაერთიანებულია 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტი, 119 სასტუმრო ნომერი, კერძო ნავსადგომი, კერძო სანაპირო ზოლი, ღია და დახურული საცურაო აუზები, აკვაპარკი, ზიპლაინი, სპა და ფიტნეს დარბაზები.

როგორც „კომერსანტს“ „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა, ადგილზე „მერიოტთან“ დაკავშირებული ბრენდის სასტუმროს განთავსება იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ ბაზარზე შემცირებული მოთხოვნისა და არსებული გამოწვევების მიუხედავად, უძრავი ქონების განვითარება უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება გაჩერება, ასეთი ტერმინი არ არსებობს ეკონომიკაში იმიტომ, რომ ეს უკუსვლას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროექტები არ შევაჩეროთ და ახალი პროექტებიც დავიწყოთ. 22 მაისიდან ციხისძირში, ზღვის პირას ოფიციალურად გავხსნით ახალი  პროექტის მშენებლობას. ეს იქნება შერეული ტიპის კომპლექსი, რომელიც მოიცავს როგორც სასტუმროს, ასევე აპარტამენტებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და განიხილება, რომ ეს უნდა იყოს „მერიოტთან“ დაკავშირებული ბრენდის სასტუმრო. პროექტი შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვაც უკვე გვაქვს.“ – განმარტავს მალხაზ კუნელაური.

პროექტის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება, ხოლო მისი განხორციელების ჯამური საინვესტიციო მოცულობა  70 მილიონ ლარს შეადგენს.

დეველოპერული კომპანია „რედკო“ 2012 წელს დაარსდა და მის პორტფოლიოში საქართველოს მასშტაბით განხორციელებული რამდენიმე პროექტია, როგორებიცაა „ბათუმი თაუერის“ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი და 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Le Meridien Batumi. ხოლო გუდაურში კომპანია აპარტოტელების ქსელს ავითარებს, გუდაურშივე შენდება სასტუმრო Radisson Blu Gudauri, დედაქალაქში კი საცხოვრებელი კომპლექსი „სახლი მზიურთან“.

commersant.ge

Share