Home » საზოგადოება » დაშბაშის კანიონის განვითარებაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

დაშბაშის კანიონის განვითარებაში 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

ალგეთის ეროვნული პარკის დაშბაშის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტის განხორციელებაზე რამდენიმე წლის წინ ითქვა და მისი დასრულება 2020 წლის ივლისისთვის იყო დაანონსებული. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია.

პრემიერმა კანიონის დათვალიერებისას განაცხადა, რომ პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

“უნდა აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროექტის ფარგლებში დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდის მოწყობა იგეგმება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოეწყობა ბილიკები და ვიზიტორთა ცენტრი. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუქციონში გამარჯვებულად კომპანია “კასს ლენდი” დასახელდა. თავის დროზე ნათქვამი იყო, რომ შუშის ხიდზე იქნება ბარი. მოეწყობა ზიპლაინი, რესტორანი.

კანიონი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

Share