Home » ეკონომიკა » „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილება ექნება, საპენსიო აქტივების ინვესტირება განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის, მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, ან ქონებაში საერთო წესების საფუძველზე. შესაბამისი ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

მთავრობა განმარტავს, რომ ამჟამად აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევი სპეციალიზებული დეპოზიტარის, მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში ან მათ ქონებაში. აღმასრულებელი ხელისუფლების ცნობით, კანონის მოქმედი რედაქციით, საპენსიო სააგენტო საპენსიო სქემის სახელით ვერ შეიძენს ობლიგაციებს ან აქციებს, თუკი ამ ობლიგაციების ან აქციების ემიტენტი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია. აგრეთვე, საპენსიო სააგენტო ვერ შეიძენს ფასიან ქაღალდებს ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მფლობელი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საქართველოს მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის საფუძველზე სწორედ აღნიშნული აკრძალვები გაუქმდება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილება ეხება იმ მუხლსაც, რომლითაც ამჟამად აკრძალულია საპენსიო აქტივების გასხვისება საპენსიო სააგენტოსათვის მომსახურების გამწევ სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე. მთავრობის ცნობით, აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს არ შეუძლია, საპენსიო სქემის სახელით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების მიზნით, გაასხვისოს შეძენილი ობლიგაცია ან აქცია სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან მასთან აფილირებულ პირზე და ამ გზით დახუროს საინვესტიციო პოზიცია. „საინვესტიციო პოზიციის დახურვა შეიძლება, საჭირო გახდეს, მათ შორის, თუკი აუცილებელი გახდა ფულადი სახსრების მობილიზება სქემის მონაწილეთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებისათვის ან თუკი, შექმნილი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, განხორციელებული ინვესტიციის სხვა ინვესტიციით ჩანაცვლება მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების თანახმად, სპეციალიზებულ დეპოზიტარს აეკრძალება, განახორციელოს დაგროვებით საპენსიო სქემასთან, საპენსიო სააგენტოსთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით იმგვარი საქმიანობა, რომელმაც შეიძლება, წარმოქმნას ინტერესთა კონფლიქტი დაგროვებით საპენსიო სქემას, საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველ კომპანიასა და თავად სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის. ეს წესი არ გავრცელდება, თუკი სპეციალიზებულ დეპოზიტარს ფუნქციურად და იერარქიულად აქვს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ არის იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული.

„ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობ საქმიანობად ჩაითვლება სპეციალიზებული დეპოზიტარის იმგვარი საქმიანობა, რომლის მიზეზითაც საპენსიო სქემის ან საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის ინტერესებს უპირისპირდება თავად სპეციალიზებული დეპოზიტარის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის ინტერესები, მაგალითად: სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ სხვა კლიენტის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით იმ კლასის ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რომლებშიც ინვესტიციას ახორციელებს აგრეთვე დაგროვებითი საპენსიო სქემა, ასევე აღნიშნული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, თუკი, შექმნილი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო გადაწყვეტს საპენსიო სქემის მფლობელობაში არსებული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების გაყიდვას; სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ რაიმე სახის ფინანსური სარგებლის (მომსახურების საფასური, საკომისიო და სხვ.) მიღება იმ პირისგან, რომლის ინტერესებიც უპირისპირდება დაგროვებითი საპენსიო სქემის, საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველი კომპანიის ინტერესებს. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაეკისრება ვალდებულება, ფუნქციურად და იერარქიულად ჰქონდეს გამიჯნული დეპოზიტარული მომსახურების გაწევის ფუნქცია პოტენციურად კონფლიქტის წარმომშობი სხვა საქმიანობისგან და ინტერესთა კონფლიქტი სათანადოდ იყოს იდენტიფიცირებული, მართული და გამჟღავნებული“ – განმარტავს საქართველოს მთავრობა.

Share